მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების პრემიუმ კლასის კედები ადგილობრივ ბაზარს ითვისებს

5bcba667ec766
მაია ბიწაძე
21.10.18 14:20
5993
ქართული წარმოების პრემიუმ კლასის კედები "Cortex" ადგილობრივ ბაზარს ითვისებს.

ქართული წარმოების პრემიუმკლასის კედები "Cortex" თბილისის მაღაზიებში შევიდა.

პროდუქცია უკვე იყიდება ,,გალერია თბილისში“,  ,,ქართველი დიზაინერების კუთხეში“ და უახლოეს დღეებში ვაკეში, აბაშიძის 42 ნომერში მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიაში "PA SPORT” განთავსდება.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი დიდიძემ განუცხადა და დასძინა, რომ აქამდე კომპანია კედებს ონლაინ მაღაზია  Cortex.ge-ის მეშვეობით ყიდდა.

"ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი; რამდენიმე დღის წინ მივაღწიეთ შეთანხმებას და ჩვენი პროდუქცია ვაკეში მდებარე მაღაზიაში ,, PA SPORT” გაიყიდება, სადაც ძირითადად სპორტული ფეხსაცმელია წარმოდგენილი. ჩვენთვის პრიორიტეტული ადგილობრივი ბაზარია, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზეც ვფიქრობთ“, - განაცხადა გიორგი დიდიძემ.

შეგახსენებთ, რომ კედების მწარმოებელი კომპანია წელს შეიქმნა და პრემიუმ ხარისხის კედებს Cortex -ის ბრენდით ამზადებს. მცირე საწარმოში, სადაც ათამდე ადამიანია დასაქმებული, კედების თითოეულ მოდელს ხელით ქმნიან. პროდუქცია ნატურალური ტყავისგან და ქსოვილისგან იკერება. საწარმო თბილისში მდებარეობს და მისი მოწყობა დამფუძნებლებს, დაახლოებით, 50 ათასი ლარი დაუჯდათ.

,,დღეში, დაახლოებით, 3 ფეხსაცმელს ვკერავთ, რადგან ხელით იქმნება და საკმაოდ შრომატევადია, თუმცა გვაქვს წარმოების გაფართოების საშუალება, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ. თავდაპირველად მხოლოდ ტყავის კედებს ვკერავდით, აგვისტოს ბოლოს კი, ნაჭრის პროდუქციაც დავამატეთ. ნედლეული იტალიიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს, ასევე საქართველოდან გვყავს ტყავის მომწოდებლები, კერძოდ, რუსთავის ტყავის ქარხანა. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მომწოდებლები, საკმაოდ მაღალი ხარისხის ნედლეულს აწარმოებენ, რომელიც იმპორტულ ტყავს არაფრით ჩამოუვარდება“, - განაცხადა გიორგი დიდიძემ.

Cortex -ის ბრენდის ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის ფასი 145-დან 280 ლარამდეა.