მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული რეცეპტებებით დამზადებული სადილები სავაჭრო ქსელში გაიყიდება

5b9cdf76089d8
მაია ბიწაძე
16.09.18 14:00
3943
ქართული სამზარეულოს სხვადასხვა კუთხის რეცეპტებით დამზადებული სადილები, კონსერვის სახით, ქართველი მომხმარებლისთვის თვის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი. ,,ჯეონატურალსის“ რამდენიმე კერძი, კერძოდ კახური ფლავი, იმერული ყალია, ნიგვზიანი ხარჩო მეგრულად, ასვე ქათმის ჩახოხბილი სავაჭრო ქსელში სექტემბრის ბოლომდე შევა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზურაბ ბაღდავაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამ ეტაპზე პროდუქციის დისტრიბუციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანებთან და ეს პროცესი მალე დასრულდება. პროდუქცია ,,სადილის“ ბრენდით 400 გრამიანი ქილებით გაიყიდება.

"თავდაპირველად მომხმარებელს ოთხ კერძს შევთავაზებთ, თუმცა სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდას ვგეგმავთ. ეს იქნება საქონლის ხორცის ნიგვზიანი ხარჩო მეგრულად, რომელიც ქსელში 12 ლარი ეღირება, იმერული ყალიას ფასი 9-10 ლარი იქნება, ხოლო კახური შილაფლავი და ქათმის ჩახოხბილი 6-6,5 ლარი ეღირება. ყველა კერძი ქართული ნედლეულით იქნება დამზადებული. ხორცს ქართველი ფერმერებიდან ვყიდულობთ, მათ შორისაა ფერმა ,,ემ-3“ რომელიც ახალგაზრდა ფერმერების მიერ არის დაფუძნებული, მათ ეს საქმიანობა მამა-პაპისაგან მემკვიდრეობით ერგოთ და მესაქონლეობას წლების განმავლობაში ეწევიან“ - განაცხადა ზურაბ ბაღავაძემ.

მისივე განმარტებით, კონსერვები პასტერიზებულია და კონსერვანტს და ხელოვნურ დანამატს არ შეიცავს. კომპანია ,,ჯეონატურალსი“ კახეთში, სოფელ გამარჯვებაში ახლახანს ამოქმედდა. საწარო თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 22 000 -ის მფლობელია.

კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მასში განხორციელებულმა ინვესტიციამ 380 ათას დოლარს გადააჭარბა.

,, ჩვენ ძალიან დაგვეხმარა დღგ-ს უკან დაბრუნების მექანიზმი, პრაქტიკულად სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა დაწყებული საქმე წარმატებით დაგვესრულებინა და საწარმო დროულად აგვემოქმედებინა. ამჟამად საწარმოში 20-25 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ გაფართოებასთან ერთად მათი რიცხვი გაიზრდება. ჩვენი პრიორიტეტი ადგილობრივი კადრების დასაქმებაა, რომლებიც კახეთში ცხოვრობენ“ - განაცხადა ზურაბ ბაღდავაძემ.