მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ჩანთები ევროპაში გაიყიდება

59c8ac0c86550
სალომე მეცხვარიშვილი
25.09.17 13:15
2713
ქართული წარმოების ჩანთები Begels პოლონეთში გაიყიდება. კომპანია პროდუქციას ვარშავისა და კრაკოვის მაღაზიებში განათავსებს, სადაც ძირითადად ქართული ნაწარმი იყიდება.

ხისა და ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნათია მგელაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ საზღვარგარეთ დიდი დაინტერესებაა ქართული ელემენტებით დამზადებულ ნაწარმზე, რასაც ხელს ადგილობრივი დიასპორაც უწყობს.

პოლონეთში Begels-ის ჩანთები პერმანენტულად მიეწოდება ბაზარს, დანარჩენ ქვეყნებში კი კომპანია ჯერ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს. ნათია მგელაძე ამბობს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გავიდა ისრაელში, ბელგიასა და ამერიკაში, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

"ამერიკიდან გვაქვს ძალიან ბევრი შეკვეთა. ხშირ შემთხვევაში ეს ქართველების დამსახურებაა, რომლებსაც მცირე ბიზნესი აქვთ საზღვარგარეთ. ისინი სასარგებლო საქმეს აკეთებენ როგორც თავიანთთვის, ასევე ეხმარებიან სხვა მცირე ბიზნესსაც",- აცხადებს ნათია მგელაძე.

კომპანიას საკუთარი მაღაზია თბილისში ისევ არ აქვს, საქმიანობას ილიაუნის ფაბლაბში აგრძელებენ. თუმცა, ახალი პარტნიორული ურთიერთობები ადგილობრივ მწარმოებლებთანაც დაამყარეს.

ნათია მგელაძის თქმით, "ბეგელსი" თანამშრომლობას ფეხსაცმელების ქართველ მწარმოებელ "ლევანტოსთან" იწყებს, სადაც მათი დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები და ჩანთები გაიყიდება. მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას კომპანია სხვა მაღაზიებთანაც აპირებს.