მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ჯარში ქართული წარმოების საქონლის ხორცს უკრაინული ჩაანაცვლებს

5968d5867b963
სალომე მეცხვარიშვილი
15.07.17 15:00
16875
ქართულ ჯარში ქართული წარმოების საქონლის ხორცს უკრაინული ჩაანაცვლებს. შედეგად, პროექტი, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა დაიწყო და რომელიც ჯარის ქართულ პროდუქციაზე გადაყვანას გულისხმობდა, ამ ეტაპზე წყდება.

საქმე ისაა, რომ თავდაცვის სამინისტროს შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს "უხვმა" გაიმარჯვა, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ქართული ჯარის დანაყოფები საქონლის ხორცით 6 თვის განმავლობაში უნდა მოამარაგოს. ტენდერის ღირებულება მილიონ 640 ათასი ლარია. გამარჯვებული კომპანიის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კომპანია ხორცს უკრაინიდან შემოიტანს.

ინფორმაცია "საქმის კურსს" კომპანია "უხვშიც" დაუდასტურეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხორცს ქართულ ჯარს ახლაც აწვდიან, რადგან კომპანიამ წინა ტენდერშიც მოიპოვა გამარჯვება. თუმცა, ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე "უხვს" მხოლოდ ადგილობრივი ხორცის მიწოდების ვალდებულება აქვს.

"15 ივლისიდან უკვე შევძლებთ იმპორტირებული ხორცი მივაწოდოთ. ადრე იყო ჩაწერილი კონტრაქტში, რომ ადგილობრივის შეტანა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა შესაძლებელია იმპორტირებულიც",- აცხადებენ კომპანიაში.

ამჟამად მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი მიწოდება გამარჯვებულის მხრიდან 15 ივლისიდან უნდა მოხდეს.

„საქმის კურსი“ დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით მოხდა ქართული ხორცის ჩანაცვლება უცხოურით, თუმცა, სამინისტროში კვირის დასაწყისში ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს და განაცხადეს, რომ დამატებით კომენტარს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააკეთებდნენ.

ქართული ჯარის ქართულ ხორცზე გადაყვანის საპილოტე პროექტი 2015 წლის ბოლოს დაიწყო. მაშინ ტენდერში ორმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით ჯარების ქვედანაყოფებს ქართული პროდუქციით ამარაგებდნენ.

"კვებაში დაახლოებით 40 მილიონამდე ლარს ვხარჯავთ და ამ თანხის უზარმაზარი ნაწილი მიდის ქვეყნის გარეთ. ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, მითუმეტეს სოფლის მეურნეობის იმ პროგრამების პირობებში, რომლებიც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიწყო...",- აცხადებდა 2015 წელს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. მისივე თქმით, ეტაპობრივად ჯარი სრულად ქართულ პროდუქტზე უნდა გადასულიყო.