მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართუ: ივანიშვილის გადაწყვეტილებით ფონდში ვალების განულებისთვის უკვე 100 მლნ დავარეზერვეთ

5bf2c1b2c3f36
BM.GE
19.11.18 18:00
882
ბიძინა ივანიშვილის "ქართუ" ფონდის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების ჩამოწერის პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პრემიერმინისტრის განცხადებით, ქართუ ფონდი საქართველოს 600,000-მდე მოქალაქეს 2 ათას ლარამდე მოცულობის ვადაგადაცილებულ სესხს დაუფარავს. ქართუ ფონდი კომერციული ბანკებიდან, მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებიდან, ონლაინგამსესხებლებიდან და სხვა საკრედიტო კავშირებიდან ვაგადადაცილებული სესხების პორტფელს შეისყიდის, რომლის მოცულობაც 1.5 მილიარდი ლარია.

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი "ქართუ" აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ,"- საზოგადოებრივ მაუწყებელთან თქვა ჩხეტიანმა.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ის ვერ დაასახელებს, თუ რა თანხა დაუჯდება ქართუ ფონდს ვადაგადაცილებული კრედიტების შესყიდვა. 

პროექტის მიხედვით, ვალების დაფარვა 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, და წლის ბოლომდე დასრულდეს. 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურ სუბიექტს ან მასთან დაკავშირებულ პირს მოსახლეობისთვის თანხის, თუ სხვა საჩუქრის გადაცემა ეკრძალება სანამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოქვეყნდება. ამ ვადის გასვლის შემდგომ, ფულადი საჩუქრების გადაცემა დარღვევას არ წარმოადგენს. 

"არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნები­­­დან არჩევნ­ების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით"- წერია კანონში.