მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქები სადაც ყველაზე მეტი საცობია

5ba8f4f484358
ანუკა ჯოხაძე
24.09.18 21:00
1322
ნავიგატორების მწარმოებელმა საერთაშორისო კომპანია TomTom-მა იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც ქუჩები ყველაზე მეტად არის გადატვირთული. რეიტინგში მხოლოდ ის ქალაქები მოხვდნენ, რომელთა მოსახლეობა 800 ათასს აღემატება.

მექსიკაში მცხოვრები ადამიანები დღის განმავლობაში საშუალოდ 1 საათი საცობში არიან, ხოლო წლის განმავლობაში 227 საათს გადატვირთულ ქუჩებში ავტომობილებში ატარებენ. ქუჩები ყველაზე დატვირთული საღამოს საათებშია, თუმცა დილის საათებში სასურველ ადგილამდე მისვლაც არაა მარტივი, საერთო ჯამში მექსიკის მაცხოვრებლებს დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელად ორჯერ მეტი დრო სჭირდებათ.

საცობები ნაცნობია ბანგკოკის მოსახლეობისთვისაც, სადაც დღის განმავლობაში 64 წუთი, შესაძლოა, საცობში გაატაროთ კიდეც. ტრადიციულად აქაც პიკის საათად საღამო მიიჩნევა. საცობების პირობებში, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დრო კი 61%-ით იზრდება.

ჯაკარტის მოსახლეობა დღეში საცობში 48 წუთს ატარებს. საბოლოო ჯამში ეს მაჩვენებელი წლის ბოლოს 184 საათს უტოლდება. ჯაკარტაში მცხოვრები ადამიანები თავისი დროის 58%-ს დანიშნულების ადგილამდე მისვლას ანდომებენ.

გასულ წელთან შედარებით, საცობების რაოდენობა ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში 14%-ით გაიზარდა. თუ ჩუნცინში მოხვდით აქ დღის განმავლობაში 55 წუთს ავტომობილების უშველებელ რიგში გაატარებთ, დანიშნულების ადგილზე მისვლაში კი დამატებით დროის 52%-იც გამოყოფა მოგიწევთ.

ქალაქ ჩუნცინს ბუქარესტი მოსდევს, სადაც ქუჩები მანქანებით განსაკუთრებით საღამოს საათებში ივსება. ბუქარესტის მოსახლეობა საცობში დღეში 57 წუთს ატარებს. თუ ქალაქში საქმე გაქვთ და ადგილზე მისასვლელად მხოლოდ ერთი საათი გჭირდებათ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ ამ პუნქტამდე მინიმუმ ორი საათი ვერ მიხვალთ.
სტამბული კი იმ ქალაქების რიცხვშია სადაც საცობების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, სულ ცოტა 1%-ით შემცირდა. აქ მოსახლეობა დღეში 46 წუთი საცობშია. საცობების გათვალისწინებით კი სტამბულში მაცხოვრებლებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დროის დამატებით 46% სწორედ საცობების გამო ეკარგებათ.
მოსახლეობის დიდი რიცხოვნობიდან გამომდინარე საერთო რეიტინგში ჩინეთის მეორე ქალაქი ჩენდუც მოხვდა, სადაც სტამბულის მსგავსად დღის განმავლობაში 46 წუთის გადატვირთულ ქუჩებში გადატარება მოგიწევთ.

რიო დეჟანეიროში კი წლის განმავლობაში 164 საათს საცობში ატარებენ, რაც დღეში რიოს მოსახლეობას დროის 46 წუთს ართმევს. ქუჩები განსაკუთრებით საღამოობით იტვირთება, როდესაც მოსახლეობა სამუშაოდან ბრუნდება.

ათეულში ჩინეთის კიდევ ორი ქალაქი ტაინანი და პეკინიც მოხვდა. პეკინის მოსახლეობა დღის განმავლობაში 1 საათი საცობშია, ხოლო ეს დრო 40 წუთია ტაინანის შემთხვევაში.