10.მაისი.2016 17:25
ეკონომიკა

პროგრამის "ქართული ჩაი" ფარგლებში თანადაფინანსების მოთხოვნით 10-მდე განაცხადია შესული

პროგრამის "ქართული ჩაი" ფარგლებში თანადაფინანსების მოთხოვნით 10-მდე განაცხადია შესული
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის "ქართული ჩაი" ფარგლებში ჯერჯერობით არცერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება არ განხორციელებულა. პროექტი თებერვლიდან ჩაეშვა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ამ ეტაპისთვის თანადაფინანსების მოთხოვნით 10-მდე განაცხადია შესული.
 
პროგრამა, რომლის ინიციატორიც სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების 60%-იდან - 90%-მდე თანადაფინანსებას.

სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს (დღგ -ს ჩათვლით).

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებმა სპეციალური დოკუმენტაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარადგინონ.

როგორც "კომერსანტს" ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის მენეჯერმა ლევან უროტაძემ განუცხადა, 10 განაცხადი დიდი რაოდენობა არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით ბენეფიციარების გააქტიურებას შემოდგომიდან ელოდებიან. მიზეზი კი ისაა, რომ მაისიდან სექტემბრის ჩათვლით სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არ არის რეკომენდირებული.

"ერთადერთი შეფერხება რაც გვაქვს, ეს არის აგროვადებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას არ უწევენ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე პლანტაციების რეაბილიტაციას. არის რამდენიმე ბენეფიციარი, რომელზეც შეიძლება მოესწროს რეაბილიტაცია მაისში, ვთქვათ მაისის შუა რიცხვებამდე, თუ არადა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ სამუშაოების შესრულებას",- აცხადებს ლევან უროტაძე.

მისი თქმით, პროგრამით დაინტერესება საკმაოდ დიდია და ოქტომბრიდან უფრო მეტ ბენეფიციარს ელოდებიან.

"კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად აქვთ ინფორმაცია თავად ჩაის პლანტაციების მფლობელებს ამ პროგრამასთან დაკავშირებით და რამდენად სურთ მასში ჩართვა. "კომერსანტის“ მიერ გამოკითხული მწარმოებლების ნაწილს პროგრამის პირობები არ მოსწონს, ნაწილი კი კმაყოფილია.

კომპანია "აგროფირმა ქობულეთის“ თანადამფუძნებელი თემურ ჯაში აცხადებს, რომ პროგრამაში ჩართული არ არის და არც აპირებს, რადგანაც პირობები მისთვის მიუღებელია. როგორც ჯაში ამბობს, 1 ჰექტარზე გამოყოფილი თანხა(2500 ლარი) რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ არის, რადგანაც ამაში გადასახადებიც შედის, ასევე გათვალისწინებულია 900 ლარამდე კომპანიის მხრიდან გაღებული ხარჯი.

ამასთან, კომპანიისთვის მიუღებელია პროექტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაციას არა თავად ბენეფიციარი, არამედ შუამავალი კომპანია განახორციელებს.

"1 ჰექტარის ასაღოძინებლად გამოყოფილი 2500 ლარიდან 900 ლარი ჩვენი ფული უნდა ჩავდოთ, საშემოსავლო, დღგ უნდა გადავიხადოთ. რომ დავიანგარიშეთ, არ გვიღირს. 1500 ლარიც არ რჩება, რომ რეაბილიტაციას მოხმარდეს",- აცხადერბს კომპანია „აგროფირმა ქობულეთის“ თანადამფძნებელი.

პროექტში არ არის ჩართული არც მარტვილის ჩაის ფაბრიკა. ფაბრიკის დირექტორის იური ბეჭვაიას განცხადებით, პროგრამაში გასაღების კომპონენტი ჩადებული არ არის, რაც უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.

"ადრე როცა ვმუშაობდით გასაღების პრობლემა იყო, ახლა რომ დავამზადოთ, რა აზრი აქვს თუ ვერ გავასაღე? ფასებია ძალიან დაბალი",- აცხადებს იური ბეჭვაია.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულია კოოპერატივი „აკეთი 2014“. კოოპერატივის თავმჯდომარე იური თოხაძე ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ კოოპერატივს აგროტექნიკა გადასცა, რაც მათს საკუთრებაში არსებული 3-4- ჰექტარი ჩაის პლანტაციის აღორძინებაში დაეხმარებათ.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერისთვის ფერმერების პრეტენზიები ცნობილია. ლევან უროტაძე ამბობს, რომ მწარმოებლებთან ურთიერთობაში რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში არ ფინანსდება პლანტაციების შემოღობვა, თუმცა, სამომავლოდ ეს კომპონენტი პროექტში, სავარაუდოდ, ჩაიდება.

"ამისთვის რაიმე სტანდარტი უნდა შეგვემუშავებინა, მაგრამ იმის გამო, რომ ხანდახან შემოღობვა ყველა მხრიდან არ არის საჭირო და მხოლოდ 2 ან 3 გვერდია შემოსაღობი, ეს ჩაითვლებოდა სტანდარტების დარღვევად, მოგვიწევდა თანხის უკან ამოღება. შესაბამისად, ვერ შევიმუშავეთ რაიმე სტანდარტი. თუმცა, მოსახლეობამ დაგვისაბუთა, რომ შემოღობვა აუცილებელია, რადგან საქონელი ინტესიურად ეტანება რეაბილიტირებულ ჩაის. შესაბამისად, გვინდა აღნიშნული ცვლილების შეტანა პროექტში“,- აცხადებს პროექტის მენეჯერი.

მისი თქმით, უკმაყოფილება იყო დაფინანსების რაოდენობასთან დაკავშირებითაც- რიგ შემთხვევებში ბენეფიციარები მიიჩნევენ, რომ 2500 ლარი ცოტაა. თუმცა, ლევან უროტაძე ამბოვს, რომ ეს საკითხი წინასწარ შესწავლილია და თითო ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, როგორც წესი, 2200 ლარზე მეტი არ ჯდება.
„ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან და ავიღეთ ოპტიმალური თანხა იმ სამუშაოების ღირებულებისა, რასაც ვაფინანსებთ - პლანტაციების გაწმენდა უცხო საგნებისგან, რიგთაშორისი დამუშავება, კულტივაცია, სადრენაჟე არხის გაჭრა საჭიროების შემთხვევაში. ასევე ვაფინანსებთ პირველი წლის სასუქებსაც“,- აცხადებს ლევან უროტაძე.

მისივე თქმით, პრეტენზციები იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ სარეაბილიტაციო თანხას ბენეფიციარს არ გადაეცემა.

"ჩვენ დავამტკიცებთ მარეაბილიტირებელი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც განახოციელებენ ამ პროექტს. ჩაი არის სპეციფიკური კულტურა, რომლის დამუშავება ყველას არ შეუძლია. როდესაც კომპანიებისგან განაცხადებს ვიღებდით, ვითვალისწინებდით, თუ რა ტექნიკა ჰქონდა კომპანიას და ჰქონდა თუ არა რეაბილიტაციის გამოცდილება. 2 კომპანია უკვე ჩართულია და კიდევ 2 არის განხილვის ეტაპზე",- აცხადებს პროექტის მენეჯერი.

მისივე თქმით, წინააღმდეგობები არსებობს, თუმცა, პროექტი ყველა ბენეფიციარზე მორგებული ვერ იქნება.

"რიგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მოვერგოთ ბენეფიციარებს, რიგი ბენეფიციარები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ პროგრამისგან სარგებლის მიღებაში, ცდილობენ თვითონ მოერგონ ამ პროგრამას", - აცხადებს ლევან უროტაძე.

მისი ინფორმაციით, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენია სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციები არ არსებობს, თუმცა, დაახლოებით ჩაის პლანტაციების მოცულობა 9 ათას ჰექტრამდეა, საიდანაც 7 ათასი რეაბილიტაციას ექვემდებარება.



14.დეკემბერი.2018 19:53
226

სემეკთან მოქალაქეები ბინის გაქირავებისთბის წყლის კომერციული ტარიფის გადახდას გააპროტესტებენ

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 19:25
230

"დაზღვევის მექანიზმი არ არსებობს - საპენსიო დანაზოგი რომ დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს"

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:40
157

„მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაძვირება საექსპორტო პოტენციალს დაარტყამს“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:00
167

"კოეფიციენტებით ვაჭრობამ" პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია - რამდენ შენობას გაეზარდა სიმაღლე

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:40
150

ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:25
102

გვენეტაძე-ლარის კურსზე: „მნიშვნელოვანია, კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე“

ვრცლად