მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი TBC-ის საქმეზე: კითხვები არა საფინანსო ინსტიტუტს, არამედ მის აქციონერს ეხება"

5c41b7d297451
თელარა გელანტია
18.01.19 15:21
1158
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, TBC ბანკი, ისევე როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერი ბანკი, უდრის საქართველოს ეკონომიკის ფინანსურ სტაბილურობას. ამის შესახებ პრემიერმა bm.ge-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული გამოძიების გავლენას შეეხებოდა - თან იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურის განცხადებამდე ინფორმაციამ მედიაში „გაჟონა“.

პრემიერი ფიქრობს, რომ კონკრეტული კომპანიის აქციონერების მიმართ დასმულმა კითხვებმა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. "როდესაც ჩვენი კომპანიები, განსაკუთრებით კი ფინანსური ინსტიტუტები წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ეს ძალიან დიდი მონაპოვარია და ამას გაფრთხილება უნდა. ნამდვილად შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ კითხვების გაჩენა ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ჩვენს მონაპოვარს შეასუსტებს.

სამწუხაროდ, მე აქ უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე - შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს და ეს კითხვები ეხება არა საფინანსო ისნტიტუტს, არამედ - მის აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მე პირადად პრობლემად არ მეჩვენება. TBC, ისევე როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერი ბანკი, უდრის საქართველოს ეკონომიკის ფინანსურ სტაბილურობას. შესაბამისად, ასე ცალკე გაპიროვნება მე არ ვთვლი, რომ სწორია და მას კავშირი არ აქვს იმ კითხვასთან, რომელიც თქვენ დასვით, მაგრამ ის მოსაზრება, რომ კითხვების დასმამ შეიძლება საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედოს, მე, რა თქმა უნდა, ამ თემას ვერ დავეთანხმები. ეს მოწყვეტილია რეალობას, ეს ნამდვილად არ არის ასე.

ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენი კომპანიები წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში, რაც განსაკრუთრებული პატივია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს, რადგანაც ამან გზა გაუხსნა სხვა ქართულ კომპანიებს, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო კაპიტალზე. ჩვენი ფინანსური სტაბილურობა არის ძალიან მაღალი და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. ამ თემაზე საუბარი, რომ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას შეიძლება რამე საფრთხე ჰქონდეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს. დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ შეკითხვას, დაველოდოთ პასუხებს, დარწმუნებული, ვართ ყველა მივიღებთ პასუხებს", - განაცხადა ბახტაძემ.