მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: კრიმინალის 54%-იანი ზრდა მნიშვნელოვანწილად აღრიცხვიანობის გაუმჯობესებამ გამოიწვია

5c94af1515869
BM.GE
22.03.19 13:32
1914
პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კრიმინალის მხრივ კატასტროფილი ვითარებაა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში  კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2018 წელს კრიმინალის მოცულობის ზრდა მისი აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას უკავშირდება. 

"იმისათვის, რომ მე გავცე პასუხი თქვენ მიერ დასმულ კითხვებს, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენული ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე რა თქმა უნდა, უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციის მხარეების პოლიტიკური ინტერესები.

თქვენი კითხვის ფორმულირებაში დევს უკვე მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ჩემი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ აქვს ადგილი მცდელობას, რომ საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენები და განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

გასაგებია, რომ არსებობს ჩვენ შორის ღირებულებითი განსხვავებები და ამ განსხვავებები და ამ განსხვავებებზე ჩვენ ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ოპოზიციის მნიშვნელობას და როლს. მე მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები თუ წინადადებები, მწვავე კრიტიკა იმ შემთხვევაში თუ ის ნაკარნახევია საქმისადმი ობიექტური დამოკიდებულებით. ჩვენთვის მთავარია, სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება და როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ჩვენი ოპონენტებისთვის.

დასაწყისშივე რომ ვთქვა პირდაპირ, თქვენი მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან ანუ ძირეულად შეიცვალა მიდგომა დანაშაულის აღრიცხვისადმი და ის უფრო დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს.

სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დანაშაულის 54-პროცენტიანი ზრდა მნიშვნელოვანწილად აღრიცხვიანობის ზრდის სიზუსტეს უკავშირდება და არა ცალსახად კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმებას“, - განაცხადა ბახტაძემ. 

შსს-ს მონაცემებით, კრიმინალი 2019 წლის იანვარშიც გაიზარდა. იანვრის განმავლობაში ქვეყანაში სულ 5774 დანაშაული აღირიცხა, რაც 2018 წელთან შედარებით, 23%-ით მეტია.