მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ეკონომიკურ რეფორმებს აფასებს

59e857918548d
BM.GE
19.10.17 11:42
1032
"საქართველო, რეფორმების კუთხით არის ნამდვილად ლიდერი რეგიონში; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით; სახელმწიფომ განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ამ კუთხით; 2017 წლის დასაწყისში დაწყებული უმნიშვნელოვანესი ფისკალური და საგადასახადო რეფორმა წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ძალიან კარგი დინამიკაა“ - შეფასებებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტისას გაკეთდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

ვიზიტს, რომლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე სარეიტინგო კომპანიებისა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან, პრემიერმა ძალიან წარმატებული უწოდა.

"აღსანიშნავია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სირილ მიულერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების დადებითი ტემპი იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს და მსოფლიო ბანკი მუშაობს საქართველოსთან თანამშრომლობის 5-წლიანი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნაზე. ამ დოკუმენტის მთავარი მიმართულებები, რეგიონულ განვითარებასთან ერთად, იქნება განათლება და ინოვაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. არის ძალიან კარგი გეგმები სისტემური განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან 2018 წლის მესამე კვარტლიდან საქართველოში მუშაობას დაიწყებს საპენსიო სისტემის დამატებით მოდელი, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს; ამის პარალელურად კაპიტალის ბაზრის ახალი პროექტის ამუშავება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ „ჯეი.პი. მორგანმა“ და „დოიჩე ბანკმა“ გამოხატეს ინტერესი, საფონდო ინსტრუმენტების განვითარებისა და საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით საქართველოსთან ითანამშრომლონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სარეიტინგო სააგენტო - Moody’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო სუვერენულის რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესების შესახებ და გამოეხმაურა ქართული დელეგაციის შეხვედრებს სამი ძირითადი სარეიტინგო სააგენტოს - “Moody’s”-ის “Fitch Ratings”-ის და “Standard&Poor’s”-ის წარმომადგენლებთან. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მათ მიეწოდოთ სრული ინფორმაცია, რათა საქართველოში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებებისა და პროცესების აღქმა ჰქონდეთ.

„ასევე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები აშშ-ის კონგრესში; ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის კონგრესის სრული მხარდაჭერა. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის ქვეყანას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა და უწევს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეფასებები, რომლებიც იყო ძალიან პოზიტიური - ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ჯანსაღია, კორუფციის ინდექსი არის დაბალი და საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის კონკრეტულად კონგრესმენ დევიდ პრაისის სიტყვები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი შეფასებები კეთდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციას, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრ ასევე ქვეყნისთვის საინტერესო შეხვედრაში.

"ერთის მხრივ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ძალიან კარგი კოორდინაცია და მეორეს მხრივ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა არის სწორედ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან საფუძველთაგანი, რომელიც ქმნის ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ძალიან მნიშვნელოვან საძირკველს. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო ქვეყანაში, რათა ეკონომიკური ცხოვრების დონე ავწიოთ, მაგრამ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ტენდენცია, რომელიც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას, არის ძალიან ჯანსაღი, დადებითი და ამ ტენდენციით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონე თვისობრივად შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ეს საფუძველი, რომელიც ჩაყრილია, აუცილებლად ძალიან ეფექტურად იმუშავებს ამ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11-15 ოქტომბერს იმყოფებოდა.