17.თებერვალი.2016 15:44
ბიზნესი

პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს მთავრობის ოთხბლოკიან რეფორმებზე ესაუბრა

პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს მთავრობის ოთხბლოკიან რეფორმებზე ესაუბრა
საგადასახადო სისტემისა და მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა და განათლების სისტემის რეფორმა, - მთავრობის ოთხბლოკიანი რეფორმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრებს ესაუბრა.
 
პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივების გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში მთავრობა რეალურ ქმედებებზე გადავიდა და პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას - მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხზე მთავრობაში აბსოლუტური კონსენსუსი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე კონკრეტულ წინადადებას მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს.

"ჩვენ მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავბეგრავთ, ანუ ბიზნესში ჩაბრუნებული მოგება არ დაიბეგრება და მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზებას. მეორეს მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარშემო არ არის ისეთი დინამიური ეკონომიკური განვითარება, ეს ცვლილება დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონპროექტთა პაკეტში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში ანგარიშები აღარ დაყადაღდება და ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი; ძირითადი საშუალებების იმპორტირებისას დღგ-ს გადახდა სავალდებულო აღარ იქნება; ასევე, საგადასახადო შემოწმებაში მხოლოდ შემოსავლების სამსახური მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, თუმცა ის გამოყენებული იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული, იმის მიუხედავად, რომ გასულ წლებში სხვაგვარი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული.

"ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტია, რომელიც თვისობრივად ცვლის ბიზნესგარემოს საქართველოში. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, კიდევ რა არის გასაკეთებელი, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესში ჩართულ ყველა სუბიექტს. ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს მცირე და მიკრომეწარმეობის სექტორის წარმომადგენლებთან. გვსურს, გავაფართოოთ დიალოგის ფორმატი და მასში ჩაერთონ არაცნობადი სახეები, რომლებიც თუნდაც ძალიან წვრილი ბიზნესით არიან დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იგრძნოს თავი ამ დიალოგში ჩართულად", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესისთვის დაფინანსების სპეციალური მექანიზმების შექმნის შესახებ, რომელიც საგადასახადო რეფორმების ბლოკის ერთ-ერთი ნაწილია და რომელიც სავარაუდოდ, აპრილი-მაისიდან ამოქმედდება.

რეფორმების მეორე ბლოკია - მმართველობის რეფორმა, რათა, როგორც ფიზიკურმა, ისე - იურიდიულმა პირებმა სახელმწიფო სერვისები ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ, ისე, როგორც ეს იუსტიციის სახლებში და მომსახურების ცენტრებში ხდება.

პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ბიზნესმენებმა აღარ იარონ სამინისტროებში; სამინისტრო იყოს ე.წ back office, ხოლო, მთავრობის ერთიანი front office ერთ სივრცეში განთავსდეს. პროცესი ციფრულ სივრცესაც მოიცავს, რათა ყველა სერვისი თანდათან ციფრულ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალ პრინციპებზე გადაყვანის გეგმას ამზადებს, რათა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განვითარდეს.

"საუბარია ჩქაროსნული მაგისტრალსა და არაერთ მნიშვნელოვანი გზაზე, მათ შორის - ქუთაისი-სვანეთის, გომი-რაჭის, ქუთაისი-სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები; ლარსი-მცხეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზები და თბილისიდან კახეთის გავლით აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა, რომელზეც შემდგომ მთელი ეკონომიკა აშენდება. ამ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კონკრეტულ ნაბიჯებს შემოგთავაზებთ, რათა ძირითადი ჩონჩხი დაგეგმილი 2023 წლის ნაცვლად, 3-4 წელიწადში დასრულდეს", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობას ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც აღნიშნული გეგმების შესრულებას კოორდინაციას გაუწევს.
რეფორმების მეოთხე ბლოკი განათლების სისტემის გერმანული მოდელის დანერგვას გულისხმობს, რათა პროფესიული განათლების ეფექტიან სისტემას მეტი ყურადღება დაეთმოს.

რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რესურსი უმაღლეს განათლებაში კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით განაწილდება.

„ეს არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო რესურსი განაწილდება იმის მიხედვით, რა მოთხოვნები იარსებებს ხუთწლიან პერსპექტივაში. გამოთავისუფლებული რესურსი, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მოდელებით განაწილდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიცვლება დღეს არსებული ვითარება, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ 5-ჯერ ან 10-ჯერ მეტ ბანკირს, ვიდრე ეს საბანკო სექტორს სჭირდება რეალურად. ასევეა საგარეო ურთიერთობების, იურიდიული მიმართულებებით და ა.შ. ჩვენ დღეს არ გვყავს მეცხოველეობის კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები, მაშინ, როდესაც ბიზნესმენები მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ მეცხოველეობაში და სამწუხაროდ, საკუთარი რესურსით, კადრებს ევროპაში გადამზადების მიზნით აგზავნიან. სახელმწიფო კი საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს ადამიანებზე, რომლებიც, ზუსტად ვიცით, რომ იქნებიან დაუსაქმებლები, ან უნდა გადაკვალიფიცირდნენ, რათა სამუშაო ადგილი იშოვონ. ამის გაგრძელება დაუშვებელია. შესაძლოა, ამ სექტორში ჩართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის ამან გამოიწვიოს რეპოზიციონირების მოთხოვნა, თუმცა ამის გარეშე ახალგაზრდებს ვუბიძგებთ, საკუთარი თანადაფინანსებით მიიღონ განათლება იმისთვის, რომ შემდგომში აღმოჩნდნენ უმუშევრები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რეფორმების ოთხ ბლოკთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2017 წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საპენსიო სისტემა, რომლის მოდელიც უკვე მზად არის. მთავრობა ამჟამად საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს. გარდა ამისა, იგეგმება კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რაც, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

პრემიერი ასევე გეგმავს, პირადად ჩაერთოს საერთაშორისო ვიზიტებში, რომლებიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, კონკრეტული პროექტების პოპულარიზაციას და ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს ამ პროცესში მაქსიმალური ჩართულობის თხოვნით მიმართა.
მთავრობის ოთხბლოკიანი რეფორმების გეგმა რევოლუციურად შეაფასა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა. გიორგი ჭირაქაძემ, ბიზნესასოციაციის წევრების სახელით, ახალ ინიციატივებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ზოგადი განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, იმ ინიციატივებიდან გამომდინარე, რომლებიც თქვენ წარმოადგინეთ. ბიზნესასოციაციის წევრები მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს იმ ინიციატივებს, რაც არსებობს. გვესმის, რომ ქვეყანაში გამოწვევები იქნება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვხედავთ, რომ ხელისუფლება დღეს დგამს ბიზნესის და ეკონომიკის წამახალისებელ და მხარდამჭერ ნაბიჯებს. ეს ნამდვილად მისასალმებელია და ამისთვის მადლობას გიხდით", - განაცხადა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.



21.სექტემბერი.2018 15:01
346

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 10:00
123

თბილისის მერია ბიუ-ბიუს პასუხობს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 09:30
71

ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 20:00
112

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:00
267

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
632

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად