მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური ლარი

5be595a403b3d
დავით ჯალაღონია
09.11.18 18:08
1122
ლარი გაუფასურების მაღალ ნიშნულს, მიმდინარე წელს თუ გადავხედავთ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიუახლოვდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 19 ოქტომბერს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.70 ლარი გახდა. რამდენიმე პუნქტით გამყარების შემდეგ, არჩევნების პირველი ტურის ჩატარებიდან მესამე დღეს, 30 ოქტომბერს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების მიმართულებით მერყეობა განაგრძო და პიკს 8 ნოემბერს მიაღწია, როცა აშშ დოლარმა, სებ-ის თანახმად, 2.77 ლარი შეადგინა.

სწორედ 30 ოქტომბერს, არჩვენების პირველი ტურის შედეგების შეფასებისა და მეორე ტურში გასული კანდიდატების გამარჯვების შანსებზე საუბრის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის რიგებში მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ პირველი განცხადებები გაჟღერდა.

30 ოქტომბერი. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე:

„თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. მე ამაში ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ. რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია - ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება შემდეგ იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის, მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენს“.

30 ოქტომბერი. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი:


„ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობს და ამ ვითარებაში პროცესი თუ დაიძაბება, სულ რომ არანაირი თანამდებობა არ მეკავოს, მე ვიქნები პირველი ჯარისკაცი, ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს“. (წყარო: რადიო თავისუფლება)

30 ოქტომბერი. საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია:

„ვდგავართ სამოქალაქო ომის პირას და ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა ავიცილოთ სისხლის ღვრა ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვოს“.

7 ნოემბერი. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე:

“ვერავინ შემაჩერებს მე, ვუხელმძღვანელო პოლიტიკურ პროცესს. მე შევხედავდი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამხოლოდ “ქართულ ოცნებას”, არამედ ყველას, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამოქალაქეს, გამოვიდნენ ქუჩაში და შემოუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეძლებს ამის შეჩერებას? უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი დემონსტრაცია იქნება. ასე რომ, “ქართული ოცნება” ძალიან მართალია, რომ სასიკვდილოდ იბრძვიან ამ პოსტისთვის, მაგრამ ეს ბრძოლა მათ უკვე წაგებული აქვთ”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ. (ინტერვიუ „დოიჩე ველესთან“)

8 ნოემბერი. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი:


„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა და ყველა ექსპერტი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და დაძაბულობა, მით უმეტეს, რომელიმე კანდიდატი წინა პერიოდში თუ იძახის, რომ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას აპირებს, ეს ფინანსურ ბაზარზე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის. ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის, ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ, როდის ხდება კურსის დევალვაცია“.

ეს თარიღები და განცხადებები იმაზე მიუთითებს, როდის, რომელი პოლიტიკური გუნდიდან და ვინ ისაუბრა არჩევნების შედეგების შემდეგ დესტაბილიზაციის საფრთხეებზე ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, 8 ოქტომბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს ზემოთ აღნიშნული კონტექსტის ავტორები მხოლოდ ოპოზიციურ ძალებში გაახსენდა.

„დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძელი არ არსებობს. ეს აჟიოტაჟი გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს და შესაბამისად, იმ არასტაბილურობის განცდით, რომელიც იმ რიტორიკამ და სიბინძურემ მოიტანა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები უტიფრად ამჟღავნებენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

რა გავლენა აქვს დაძაბულ პოლიტიკურ ფონს ლარის კურსზე? - ამ კითხვას პასუხი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სწორედ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებზე განცხადებების გავრცელების შემდეგ გასცა.


“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ 6 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დაძაბული პოლიტიკური ფონის ნიადაგზე, როგორ იცვლება სამომხმარებლო ქცევა სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით, ამის შესახებ BM.GE ფინანსისტს ირაკლი ერაძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სავალუტო რყევებზე ფსიქოლოგიური ფაქტორი გავლენას ახდენს, რადგან როდესაც ადამიანი რაღაც ცუდს ელოდება, ამას თავის ქცევაში ასახავს, ისევე როგორც, ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა. აქვე, ირაკლი ერაძე აღნიშნავს, რომ როდესაც ეს ვითარება დასტაბილურდება, ლარი იმ მაჩვენებელზე იქნება დოლართან მიმართებაში, რის საშუალებასაც ქვეყნის ეკონომიკა მისცემს.

„პანიკას გარკვეული ცვლილება შეუძლია, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ეს თუნდაც საშუალოვადიან პერიოდში გაგრძელდეს. ამას შეუძლია, რამდენიმე დღიანი რყევები გამოიწვიოს და შემდეგ ეს სტაბილურდება“, - განმარტა ირაკლი ერაძემ და ამასთან იმ მოქალაქეებს მისცა რჩევა, რომლებიც საკუთარ გადაწყვეტილებებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ პოლიტიკური ფაქტორებით ხსნიან.

„მე ყოველთვის ამას ვამბობ და ამ აზრზე ვრჩები, რომ მოქალაქეებმა თავიანთი სავალუტო ტრანზაქციები მხოლოდ იმ მომენტში განახორციელონ, როდესაც სჭირდებათ, რადგან ასეთი დამოკიდებულება - ვაიმე არ წავაგო, ან ახლა შეიძლება მოვიგო, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება მომხმარებლისთვის, რომლის პროფესიული განათლება სავალუტო ოპერაციების ჰეჯირება არ არის. ამიტომ ჩვეულებრივ მოსახლეობას, ვინც ამ დეტალებში ვერ ერკვევა, ვურჩევ, საჭიროების მიხედვით მოიქცეს: როცა დასჭირდება დოლარი გაყიდოს, როცა დასჭირდება - იყიდოს და სავალუტო ტრანზაქციებს შიშებზე ნუ ააგებს, რადგან 99.9%-ში, ჩემი ღრმა რწმენით, დაზარალდება“, - მიიჩნევს ფინანსისტი.

9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.71 ლარი ღირს.




ფოტო: ნენე დალაქიშვილი