მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ქართული ვისკი JIMSHER ჩინეთის ბაზარზე გავიდა

5937ada07cb5d
სალომე მეცხვარიშვილი
07.06.17 12:27
2830
პირველი ქართული ვისკი JIMSHER ჩინეთის ბაზარზე გავიდა,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანია "ასკანელი ძმების" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ქართული ვისკით დაინტერესება არის სხვა საერთაშორისო ბაზრებიდანაც, როგორიცაა ინგლისი და სხვა ევროპული ქვეყნები.

ჯიმი ჩხაიძე ამბობს, რომ ვისკი ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი, სადაც სპეციალისტების მხრიდან სერიოზული შეფასებები დაიმსახურა.

"სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ეს არის ღირსეული პროდუქტი, რომელიც თავის ადგილს დაიკავებს ვისკის სამყაროში, რადგან სწორი კონცეფციით არის შექმნილი და არის საინტერესო.

ინგლისის რამდენიმე სერიოზული სასტუმრო დაინტერესდა ქართული ვისკით. ჩვენი ამბიციაა, რომ სადაც ვისკის ბაზარია, „ჯიმშერი“ ყველგან უნდა წარსდგეს. ქართული ვისკი უნდა იდგეს მსოფლიო ვისკის ბაზარზე "ჯიმშერის" სახით",- აცხადებს ჯიმი ჩხაიძე.

მისივე თქმით ქართული ვისკი მსოფლიო ვისკის ბაზრისთვის საინტერესოა, რამდენადაც, გამოირჩევა ინდივიდუალურობით, საინტერესო გემოთი, ქართულ ღვინოსთან არის ასოცირებული და ქართულ კასრებში მზადდება.

ჯიმი ჩხაიძე ამბობს, რომ „ჯიმშერი“ ეკონომიურ სეგმენტზე გათვლილი არ არის, თუმცა, ხარისხობრივად ბევრად მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ფასი აქვს.