მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება

5ab34cf441cb7
BM.GE
22.03.18 10:26
1845
ქართულ-ბელარუსული კომპანიების თანამშრომლობით, საქართველოში პირველად ლიფტების წარმოება დაიწყება - თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტები თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „ანალიზ-ხელსაწყოს“ ბაზაზე აეწყობა. ახალი საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ დაათვალიერეს, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.

ლიფტების საწარმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილევ ლიფტმაშისა“ და კომპანია SIS-ის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა. საწყის ეტაპზე, საწარმოს თვეში 40-60 ლიფტის დამზადება შეეძლება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივ საწარმოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა, რაც სამეცნიერო პოტენციალისა და, ამასთან, პროფესიული განათლების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. „ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსურ განვითარებაზე, რაც არ არის მხოლოდ ლიფტების წარმოება, ეს არის ამწე მოწყობილობების წარმოების განვითარებაც. დაგეგმილია, რომ საქართველოში წარმოების ლოკალიზაცია იყოს 71 პროცენტი შემდეგი წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადგილზე შევძლებთ როგორც ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარებას, ასევე საბოლოო ჯამში, შევძლებთ იმას, რომ ექსპორტზეც ვიფიქროთ“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლიფტების ახალ საწარმოში პირველივე ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება და ეს ციფრი შემდგომში მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბელარუსულ „მოგილევ ლიფტმაშთან“ ერთად საქართველოში ნაწარმოები ლიფტები მაღალი ხარისხითა და ფასით თავისუფლად შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას.