30.ივლისი.2018 12:39
საზოგადოება

პასუხები დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე

პასუხები დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე
პარლამენტმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო. აღნიშნულ კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს.

გთავაზობთ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხს.

1. ვისზე გავრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა (ე.წ. მე-2 სვეტი)?

რეფორმა ვრცელდება იმ საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.

2. ვისზე არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა (მე-2 სვეტი)?

იგი არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ასაკით პენსიონერები, ასევე რეფორმა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და არ იღებენ შემოსავალს. რეფორმა ასევე არ ვრცელდება დასაქმებულ ან თვითდასაქმებულ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

3. ვინ ითვლება დასაქმებულად?

დასაქმებულად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს იმ ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით, ასევე დასაქმებულად ითვლება საწარმოს ან ორგანიზაციის დირექტორი, ხელმძღვანელი ან დირექტორისა და ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

4. ვინ ითვლება თვითდასაქმებულად?

თვითდასაქმებულად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას (სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, საკონსულტაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო სამეურნეო საქმიანობები), იღებს შემოსავალს ამ საქმიანობიდან და რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად.

5. ვისთვის არის სავალდებულო შენატანების განხორციელება?

შენატანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ყველა დასაქმებულს, თუმცა რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც 40 ან მეტი ასაკის არიან, შეძლებენ ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა და მათ მოეხსნებათ გადახდის ვალდებულება. სისტემის დატოვებისთვის ამ კატეგორიის ადამიანებს ექნებათ 2 თვე.

6. ვისთვის არის ნებაყოფლობითი შენატანების განხორციელება?

ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისათვის, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა სამოცი (60) წელი (ქალების შემთხვევაში 55 წელი), და ყველა თვითდასაქმებულისათვის.

7. რა მოცულობით და ვის მიერ განხორციელდება საპენსიო შენატანები დასაქმებულის შემთხვევაში?

თავად დასაქმებული ახორციელებს შენატანს მისი დაუბეგრავი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ორი (2) პროცენტის ოდენობით. ამასთან ერთად, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულია, რომ დასაქმებულს გადაუხადოს მისი დაუბეგრავი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ორი (2) პროცენტის ოდენობის საპენსიო შენატანი თითოეულმა.

8. როდის წყდება სახელმწიფოს შენატანების განხორციელება?

როდესაც საანგარიშო წლის განმავლობაში, დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი მიაღწევს 60 000 ლარს, სახელმწიფოს საპენსიო შენატანის გადახდის უფლება და ვალდებულება ამ საანგარიშო წლის განმავლობაში უწყდება.

9. რა მოცულობით და ვის მიერ განხორციელდება საპენსიო შენატანები თვითდასაქმებულის შემთხვევაში?

თითოეული თვითდასაქმებული განახორციელებს შენატანს თავისი შემოსავლის ოთხი (4) პროცენტის ოდენობით, ხოლო მის სასარგებლოდ სახელმწიფო გადარიცხავს მისი დასაბეგრი შემოსავლის ორ (2) პროცენტს.

10. ვინ არის პასუხისმგებელი საპენსიო სქემის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე?

აღნიშნული მიზნისთვის კანონის საფუძველზე იქმნება დამოუკიდებელი სსიპ - საპენსიო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე და ორგანიზებულია იმგვარად, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მონაწილეთა საპენსიო აქტივების უსაფრთხოება და მათზე გრძელვადიანი საინვესტიციო მოგების მაქსიმიზაცია.

11. როგორია საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა?

საპენსიო სააგენტო ორგანიზებულია იმგვარად, რომ გამიჯნულია მის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პოლიტიკა და შენატანების, საპენსიო განაცემების და სხვა ადმინისტრაციული საკითხები. სააგენტოს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეთა ინტერესები მაქსიმალურად იქნას დაცული, თუმცა, სამეთვალყურეო საბჭოს არავითარი კავშირი არ აქვს საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებასთან და განხორციელებასთან. ეს უკანასკნელი ყალიბდება და ხორციელდება დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭოს მიერ, მონაწილეთა მიერ დაფიქსირებული რისკიანობის პროფილის განსაზღვრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით. სააგენტოს ჰყავს დირექტორი, რომელიც სარგებლობს აღმასრულებლის ფუნქციით სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის განხორციელების მხრივ. აგრეთვე, სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებას და განხორციელებას ხელს უწყობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური.

12. რა ფუნქცია აკისრია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს?

სამეთვალყურეო საბჭოს როლი შემოიფარგლება მთლიანი საპენსიო სისტემის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებით და ადმინისტრაციული ხასიათის საკითხებით, რაც თავსებადია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. სამეთვალყურეო საბჭო აბსოლუტურად გამიჯნულია საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაც წარმოადგენს ამ ორგანიზაციული სტრუქტურის უპირატესობას სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან შედარებით და ეს უზრუნველყოფს, რომ ინვესტირების პროცესი წარიმართოს მხოლოდ მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით.

13. რას ემსახურება საინვესტიციო საბჭო?

საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ და მისი თითოეული წევრის კომპეტენცია და პროფესიონალიზმის მინიმალური სტანდარტი განისაზღვრება კანონით, რაც უზრუნველყოფს, რომ ამ საბჭოში მოხვდება მხოლოდ დიდი გამოცდილებისა და კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები. ამასთან, კანონით განისაზღვრება, რომ შერჩევის პროცედურები წარიმართოს საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ პუბლიკაციაში ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით. საბჭოს მთავარი ფუნქციაა შეიმუშაოს საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკა.

14. დაცულია თუ არა საპენსიო აქტივები?

საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო პერიოდში დადებითი ამონაგების მაქსიმიზაციის მიზნით მონაწილეების ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. საპენსიო აქტივების ინვესტირებასა და მასთან დაკავშირებული საკითხების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესის დაცულობა უზრუნველყოფილია კანონით.

15. რა არის კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპები?

· საპენსიო აქტივების ინვესტიციის შედეგად გრძელვადიან პერიოდში რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია;
· ინვესტიციების დივერსიფიცირება;
· საპენსიო აქტივების უსაფრთხოება გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში;
· ადეკვატური ლიკვიდობის შენარჩუნება.

16. კანონით რამდენად არის დაცული, რომ საპენსიო აქტივების დაბანდება არ მოხდეს რისკიან აქტივებში?

კანონი განსაზღვრავს ზოგად ჩარჩოს რა ტიპის აქტივებში შეიძლება განხორციელდეს ინვესტირება და განსაზღვრავს იმ ტიპის აქტივებს, რომელშიც არ შეიძლება ინვესტირება. ამასთანავე, ის ადგენს მინიმალურ საკრედიტო რეიტინგს საერთაშორისო კლასის აქტივებისთვის. კანონი ასევე ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისადმი. შესაბამისად, აქტივების არაკეთილსაიმედო ინვესტირების რისკები იდენტიფიცირებული და მინიმიზირებული იქნება კანონმდებლობის და რეგულატორის მიერ.

17. როდის შემიძლია პენსიის გატანა?

პენსიის გატანა, ლიმიტირებული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკში, რომელიც მამაკაცების შემთხვევაში შეადგენს 65 წელს, ხოლო ქალის შემთხვევაში 60 წელს. თუმცა, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მისი საპენსიო დანაზოგის მთლიანი თანხით მიღება.

18. საპენსიო ასაკში რა ფორმით გავიტან პენსიას?

პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:
· პროგრამული გაცემის გზით, რაც გულისხმობს დანაზოგის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას, ეს მეთოდი შემუშავებულია იმისთვის, რომ მონაწილემ პენსიის მიღება შეძლოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
· სადაზღვევო ანუიტეტის საშუალებით (კერძო სქემაში გადატანით) - ეს მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ მონაწილემ შეძლოს საპენსიო დანაზოგის პენსიის სახით მიღება სიცოცხლის ბოლომდე.
· მთლიანი თანხის ერთჯერადი გაცემის გზით - მსგავსი მეთოდით გატანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი საპენსიო ფონდში დააგროვებს მცირე მოცულობის თანხას, ან მონაწილე საპენსიო ფონდში აგროვებს მცირე დროის განმავლობაში, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, ან ის დატოვებს საქართველოს და გახდება სხვა ქვეყნის მოქალაქე.
· სხვა მეთოდებით, რომლებსაც შეიმუშავებს საპენსიო სააგენტო.

19. რა მოსდის საპენსიო დანაზოგს მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

საპენსიო დანაზოგი წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას, შესაბამისად მასზე უფლებები გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრეს.

20. რა ფორმით შეეძლება მემკვიდრეს პენსიის მიღება?

გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან საპენსიო აქტივების გადატანით მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

21. შემეძლება თუ არა ჩემი დანაზოგის ნახვა?

თითოეულ მონაწილეს გაწევრიანებისთანავე შეექმნება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიში და უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციით ელექტრონული წვდომის საშუალებით, ასევე ყველასათვის იქნება შესაძლებელი შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული მდგომარეობის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე ნებისმიერ მისთვის მისაღებ დროს.

22. ვინ არის საპენსიო სააგენტოს მარეგულირებელი?

ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას, ხოლო სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.

23. არის თუ არა მონაწილის საპენსიო აქტივები დაზღვეული დანაკარგისგან?

საპენსიო აქტივების დანაკარგისგან დაზღვევის გარანტიას წარმოადგენს საინვესტიციო ინსტრუმენტების დივერსიფიკაცია, რაც კანონით არის უზრუნველყოფილი. თუ დანაკარგის რისკი მაინც დადგა, კანონით განსაზღვრულია დროებითი ადმინისტრირების რეჟიმი. რაც შეეხება სხვა ტიპის გარანტიებს, ამის იდენტიფიცირება შემდგომ ეტაპზე მოხდება, საპენსიო ფონდის ზრდის კვალდაკვალ.

24. რა ვითარებაში ხდება დროებითი ადმინისტრირების რეჟიმი?

კანონი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ დადგა საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებებით.

25. რჩება თუ არა არსებული საბაზისო პენსია? და მოხდება თუ არა ინდექსაცია?

სახელმწიფო პენსია რჩება დაგროვებით პენსიასთან ერთად. ასევე, განიხილება სახელწიფო პენსიის ინდექსაცია შერჩეული პარამეტრის მიხედვით.

26. რას ნიშნავს ნდობითი ვალდებულების მქონე პირი?

კანონით განისაზღვრება „ნდობითი ვალდებულების“ კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ყველა პირი, რომელიც საპენსიო აქტივების მართვის კუთხით ფლობს უფლებამოსილებას, ვალდებულია აქტივები მართოს ისე, როგორც მართავდა საკუთარ აქტივებს და წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვალდებულების მქონე პირზე ვრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების ღონისძიებები.

27. როდიდან დაიწყება სისტემაში კონტრიბუციების მიღება?

კონტრიბუციების მიღება დაიწყება 2019 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, ამ პერიოდიდან ჩაირთვება დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს უფლება და ვალდებულება განახორციელონ შენატანები სისტემაში.
ავტორი: ეკონომიკის სმინისტრო



22.მარტი.2019 01:00
93

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
21.მარტი.2019 22:58
833

რა შემთხვევაში შეეძლებათ კომპანიებს, რომ შენობები სიმაღლეში გაზარდონ? - კალაძის შეთავაზება

ვრცლად
21.მარტი.2019 16:18
293

8 მოთხოვნა, რომელიც კრედიტორებმა ანაკლიის პორტის პროექტზე სახელმწიფოს წარუდგინეს

ვრცლად
21.მარტი.2019 11:55
905

სამშენებლო სექტორში ეკონომიკური ვარდნაა

ვრცლად
20.მარტი.2019 21:49
138

„5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მლრდ დაიხარჯება“

ვრცლად
20.მარტი.2019 16:13
4360

ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომანქანები გაჩერებას ვეღარ შეძლებენ - რა არის მერიის მიზანი?

ვრცლად