მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან

59c0c755de996
BM.GE
19.09.17 11:26
1191
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ახალი ანგარიში მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.

ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:

პარლამენტის წევრების ბიზნეს ინტერესები

საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში
პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს (14 დეპუტატი უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე; ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”: ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია)
ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ:


ივლიანე წულაია („ქართული ოცნება”) - 31 კომპანია
ნინო წილოსანი („ქართული ოცნება”) - 13 კომპანია
კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 13 კომპანია
პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა

სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. კერძოდ: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო - რეგიონები“), გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები).

დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნეს ინტერესები

დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნესთან კავშირი არის 25 შემთხვევაში;
არადეკლარირებულია 7 შემთხვევა. (შემდეგი დეპუტატების ოჯახის წევრები: მირიან წიკლაური („ქართული ოცნება“), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება“), ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“), ფატი ხალვაში („ქართული ოცნება“) , გიორგი კახიანი („ქართული ოცნება“), ნატო ჩხეიძე (საქართველოს პატრიოტები), ირმა ნადირაშვილი („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“).

არასრულად დეკლარირებული უძრავი ქონება

უძრავი ქონების საკუთრება არასრულად არის დეკლარირებული პარლამენტის 16 წევრის შემთხვევაში.

დეპუტატის ოჯახის წევრის მიერ 4 შემთხვევაში. (შემდეგი დეპუტატების ოჯახის წევრები: რევაზ არველაძე („ქართული ოცნება”), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება - მწვანეები“), ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“), რატი იონათამიშვილი („ქართული ოცნება“).

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა

მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან (2016 წლის 18 ნოემბერი) 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიღებული:

კახაბერ ოქრიაშვილი (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს „პსპ ფარმა”, „პსპ დაზღვევა”. მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 16,584,494.85 ლარი
იოსებ მაკრახიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს “იბოლია”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 2,250,440.00 ლარი
გოჩა ენუქიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს “იბერკომპანი”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშკრულების ოდენობაა 12,022.50 ლარი
კომპანიებიდან მიღებული შემოსავლები

შევსებული დეკლარაციების მიხედვით ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული აქვთ:

კახაბერ ოქრიაშვილს („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 17,429,052.00 ლარი
გრიგოლ მიქელაძეს („ქართული ოცნება”) - 1,185,000.00
ელგუჯა გოცირიძეს („ქართული ოცნება - მრეწველები”) - 1,011,839.00 ლარი
პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და ქონების, ასევე მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ბიზნესისა და უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებს, ასევე პარლამენტიდან მიღებულ ინფორმაციას.

კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირის დეკლარაციის არასწორად შევსება შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს - დარღვევის არსებობის შემთხვევაში პირი ჯარიმდება 1000 ლარით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობისას, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. სისხლის სამართლის კოდექსით, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-200 სთ-მდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამასთანავე, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეკომენდაციები:

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განახორციელოს აღნიშნულ შემთხვევებზე ზედამხედველობა, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს კვლევაში მითითებული შემთხვევები და მოახდინოს რეაგირება;
საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.