მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ დანელია: ჩვენი ვერსია, რომელზეც ვმუშაობთ, გახლავთ ის, რომ უცხოელებზე ქართული მიწა არ გასხვისდეს

590187fac9320
დავით ჯალაღონია
27.04.17 09:54
1157
საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოელებზე მიწის გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა.

"ჩვენი ვერსია, რომელზეც ვმუშაობთ, გახლავთ ის, რომ უცხოელებზე ქართული მიწა არ გასხვისდეს. ერთადერთი პრეროგატივა, რომელიც ვფიქრობთ, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს, არის გამონაკლისი შემთხვევების ინდივიდუალურად განხილვა. შეძენის მსურველებს მოუწევთ შესაბამისი არგუმენტაციისა და პროექტის წარმოდგენა, რომელიც უნდა იყოს ძალიან დიდი ინვესტიცია, დასაქმება, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ, ანუ დიდი მასშტაბის მქონე პროექტი უნდა იყოს, რომ განხილულ იქნას გამონაკლისის სახით“, - განმარტა ოთარ დანელიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა არის ინვესტიციის ის მოცულობა, რომელიც შეიძლება, არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.
„მთავარია პრინციპული შეთანხმება, შემდეგ კი გეოგრაფიული დივერსიფიცირების და სპეციფიკაციის გათვალისწინებით განისაზღვრება ეს ყოველივე. იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი რეკომენდაციაა, იყოს გრძელვადიანი იჯარა და არა პრივატიზება, გამონაკლისი შემთხვევაც კი", - აღნიშნა მან.

კითხვაზე, რა იქნება უცხოური ინვესტიციების ალტერნატივა დარგისთვის, დანელია პასუხად აცხადებს, რომ ეს ადგილობრივი ინვესტიციებია.

"ალტერნატივა არის ადგილობრივი ინვესტიციები. ჩვენ ისედაც ვთავაზობთ ჩვენს თანამემამულეებს მთელ რიგ პროექტებს ხელშეწყობის თვალსაზრისით - გადამამუშავებელი მრეწველობის საგრანტო პროგრამები, აგროკრედიტი, დანერგე მომავალი და ა.შ, იმის საშუალებას იძლევა, რომ ეროვნული რესურსით მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის განვითარება", - მიიჩნევს ოთარ დანელია.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა სახელისუფლებო გუნდში დასასრულს უახლოვდება და ამის შემდეგ საკანონმდებლო პროცედურები დაიწყება.