მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია თელავში ფეხით მიდის, შსს კი, მორიგ განცხადებას ავრცელებს

5c16164c43b6f
თელარა გელანტია
16.12.18 13:08
660
შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: გაერთიანებული ოპოზიცია თელავში ფეხით ჩასვლას აპირებს, რათა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ადგილზე  გააპროტესტოს.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მიმართა.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ამ დროისთვის ველისციხეში იმყოფებიან.

ველისციხიდან თელავამდე, დაახლოებით, 40 კმ-ია.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.

ოპოზიციას მანქანებით გადაადგილების უფლება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.