მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომეგა ჯგუფის საგანგებო მიმართვა საქართველოს მთავრობასა და ბრიტანეთის საელჩოს

5c1290d7385d0
BM.GE
13.12.18 20:41
891
ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი "ომეგა ჯგუფი" საქართველოს მთავრობას - ფინანსთა მინისტრს, მის მოადგილეს მიხეილ დუნდუას, საქართველოს ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასთინ მაკენზი სმიტს, ასევე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო წერილით მიმართავს. "ომეგა" სახელმწიფოს 1.5 მილიონი ლარის ბიუჯეტში ჩარიცხვას სთავაზობს, კომპანიის განცხადებით, მათ კეთილსინდისიერად შეასრულეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და 8 ნოემბერს ოქტომბრის თვის საგადასახადო ვალდებულება 550 ათასი ლარი დაფარეს. კომპანია სახელმწიფოს სთხოვს, რომ 1.5 მილიონი ლარის გადასხდის შემდგომ მას მიეცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ ოპერირება განაგრძოს. "ომეგა" მთავრობას 26 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებასაც ახსენებს, კომპანია აღნიშნავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მათ საქმის კურსში ბრიტანეთის საელჩოც ჩააყენეს. 

"26 ოქტომბრის საღამოს, 9 საათის შეხვედრაზე განხორციელებული შეთანხმებით, რომლის პირობებიც მთავრობამ შესთავაზა „ომეგას“ და რომელზეც „ომეგას“ დირექტორები დასთანხმდნენ. ბრიტანეთის ელჩიც სრულად ინფორმირებული იყო. პირობა მდგომარეობდა იმაში, რომ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადახდა უნდა გადავადებულიყო ორი წლით (კანონის შესაბამისად) და შემდეგ გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველკვარტალურად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მთავრობის შემოთავაზება იყო 42 მილიონი ლარის (30 მილიონი ლარი ძირი და 12 მილიონი ლარი საურავი) ოდენობის გადასახადის და საურავის ჩამოწერა; ამასთან, 11 მილიონი ლარიდან გადახდილი 1 მილიონი ლარის გათვალისწინებით - დარჩენილი 10 მილიონი ლარი ექვემდებარებოდა გრაფიკის მიხედვით გადახდას. გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც „ომეგამ“ განიცადა დემპინგის გამო, რაც საგანგებოდ იქნა დადასტურებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ საჯარო ინტერვიუში.

სამწუხაროდ, მიზეზის გამო, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია, ამ შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ მოგაწოდეთ 29 ოქტომბერს შესაბამისი წერილობითი ფორმით თქვენი მითითების შესაბამისად, მთავრობის მიერ დღემდე ხელი არ მოეწერა. უფრო მეტიც, აქციზური მარკების გაცემა, რომელიც საკმარისი იყო მხოლოდ ორი კვირის წარმოებისთვის, შემდგომში შეწყდა. ამგვარი შეჩერება განხორციელდა უკვე მეხუთედ ბოლო ორი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, შეჩერებების პერიოდი დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღემატება 11 თვეს, რომლის განმავლობაშიც ფაბრიკის ოპერირება პარალიზებულია. მაშინაც კი, როცა შემოსავლების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა მოწოდება, აქციზური მარკების მბეჭდავმა კომპანიამ „სიქპამ“ გვითხრა, რომ მათ შემოსავლების სამსახურმა რეალურად ნება არ დართო მოეწოდებინათ ჩვენთვის აქციზური მარკები.

ამავე დროს, 26 ოქტომბრის შეთანხმების შემდეგ ოჯთ-მ შეიძინა 5,5 მილიონი ლარის მასალა უწყვეტი წარმოებისათვის და დამატებით უკვე ჰქონდა 7 მილიონი ლარის მარაგი. მასალას აქვს შეზღუდული შენახვის ვადა. აქციზური მარკების მოწოდების განუახლებლობის შემთხვევაში, ეს მარაგი, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 12.5 მილიონ ლარს, დგება ზარალის რისკის ქვეშ.

„ომეგამ“ კეთილსინდისიერად შეასრულა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები, რაც ოქტომბრის თვეში შეადგენდა 550,000 ლარს. აღნიშნული ვალდებულება 15 ნოემბერს იყო გადასახდელი. ჩვენ იგი გადავიხადეთ წინმსწრებით, 8 ნოემბერს.

„ომეგას“ მუშაობის შეჩერებისა და დროებით ჩვენი ბაზრის წილის დაკარგვის მიუხედავად, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. მარკების რეგულარული მოწოდების შემთხვევაში, ჩვენ მოველით, გაყიდვებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ საბიუჯეტო შენატანი დაახლოებით 5 მილიონი ლარის ოდენობით ყოველთვიურად, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი წელიწადში.

ამის მისაღწევად, თქვენთვის ნათელია, რომ ჩვენ აქედანვე გვჭირდება უწყვეტი და განგრძობითი მომარაგება მარკებით და აგრეთვე საგადასახადო შეთანხმების ფორმალიზება, აუცილებლობის შემთხვევაში, სათანადო განახლებით. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, გადავიხადოთ ბიუჯეტში ერთი თვის წინმსწრებით 1,5 მილიონი ლარი, რომელიც წარმოადგენს 26 ოქტომბერს მიღებული 2,160,000 აქციზური მარკით ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში სამომავლოდ გადასახდელ თანხას.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ჩვენ მოუთმენლად ველით დავუბრუნდეთ პროდუქციის წარმოების სტაბილურობას და ეროვნულ ბიუჯეტში რეგულარულად მნიშვნელოვანი თანხების გადახდას, როგორც წარსულში. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც სარგებელს ეკონომიკისათვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე ქვეყანაში ბიზნესის უფრო ფართე ნდობისა და ინვესტიციებისთვის,"- წერია განცხადებაში.