20.აპრილი.2016 12:40
ბიზნესი

ნუცა აბრამიშვილი: ამ ეტაპისთვის ბაზარი ყურძნის სუბსიდირებას საჭიროებს

ნუცა აბრამიშვილი: ამ ეტაპისთვის ბაზარი ყურძნის სუბსიდირებას საჭიროებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობებზე "საქმიან დილასთან" Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი საუბრობს. 

- თქვენი აზრით, საექსპორტო ბაზრების ათვისება რამდენად მიზნობრივად მიმდინარეობს?


- პოსტ საბჭოთა ქვეყნებში არის რიგი ფინანსური პრობლემები, რაც მათი ვალუტის დევალვაციით არის გამოწვეული, მაგრამ ერთის მხრივ, ძალიან კარგია ასე რომ მოხდა, იმიტომ რომ სექტორისთვის ბაზრის დივერსიფიკაცია ბუნებრივად მოხდა. კრიზისმა ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობა გვაჩვენა. 2 წელია ამაზე ძალიან აქტიური მუშაობა მიდის იმაზე, რომ ისეთ ბაზრებზე შევაღწიოთ და დავმკვიდრდეთ, როგორიც არის თუნდაც ჩინეთი. ამაში რიგი მოვლენებიც გვიწყობს ხელს, იგივე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით რამდენიმე თვეში დამტკიცებული იქნება.

- ზოგადად ბაზარს თუ შევხედავთ და ბაზრის მოთამაშეებს, DCFTA-ს ჭრილში რამდენად არიან ისინი საქმის კურში იმ სიკეთეების შესახებ, რაც შეიძლება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ მოიტანოს?

- ვფიქრობ, რომ ზოგადად ამ ხელშეკრულების ამოქმედების შედეგად არც თუ ისე აქტიური ნაბიჯებია გადადგმული. ღვინის შემთხვევაში აბსოლუტურად არ ეხება ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, იმიტომ რომ ქართული ღვინის ექსპორტი ევროპაში უკვე დიდი ხანია დაწყებულია და ამის გასაღრმავებლად ალბათ მეტი ნაბიჯებია გადასადგმელი.

- სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები რამდენად დამაკმაყოფილებელია?

- მეღვინეობა, ღვინის ტურიზმი და ყველაფერი რაც ღვინოსთან არის დაკავშირებული პრიორიტეტია, ეს ცხადია და იმედი მაქვს, რომ ეს ყველა მთავრობის დროს ასე იქნება. ღვინო ერთ-ერთი ეროვნული პროდუქტია, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და ამის მეტი და მეტი განვითარებაა საჭირო, მაგრამ, რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან ერთად, მეტი პოპულარიზაცია ხდება.

ღვინის პოპულარიზაცია პირდაპირ პროპორციულია საქართველოს იმიჯის განვითარებასთან, ეს ნიშნავს მეტ პოტენციურ ინვესტორს თუ მეტ პოტენციურ ტურისტს საქართველოში. მგონია, რომ ასე თუ გავაგრძელეთ და მეტად აქტიურები ვიქენით, იმ ბაზრებზე, სადაც რეალურად სტაბილურობაა ეს ძალიან დადებითი იქნება.

- ხელისუფლება სუბსიდირების კომპონენტზე კვლავინდებურად მუშაობს. რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია ღვინის დარგის სუბსიდირების კუთხით, უნდა იყოს თუ არა ეს მოცულობითი, რა ოქროს შუალედები უნდა გაავლოს ხელისუფლებამ?

- რეალურად რაც ბოლო წლებში განხორციელდა, მე უფრო შევაფასებდი, როგორც გლეხისთვის უპირატესობას, იმიტომ რომ ბაზარზე არ არის ისეთი მოთხოვნა, მითუმეტეს, რომ რუსეთი ჩაიკეტა. მანამდე ყურძნის მოხმარებაც და მოთხოვნაც უფრო მაღალი იყო. აქედან გამომდინარე რეზერვები რჩება. ბევრი გამოუსადეგარი, ჩაუბარებელი ყურძენი რჩება, რაც გლეხისთვის ძალიან ცუდია. აქედან გამომდინარე, სუბსიდირების კომპონენტი ალბათ მისასალმებელია, ყოველ შემთხვევაში ამ თანაბარ პირობებში, ამ ეტაპისთვის როგორ მდგომარეობაშიც დღეს საქართველო იმყოფება. თუმცა განვითარებასთან ერთად და მას შემდეგ, რაც სექტორი დარეგულირდება, მიწოდება-მოთხოვნა დაბალანსდება და შემდეგ უკვე სახელმწიფოს ჩარევა აღარ იქნება საჭირო. ჯერჯერობით, მოკლე ვადიან პერსპექტივაში ბაზარი, დარგი ამას საჭიროებს.

- Schuchman Wines Georgia-ს შემთხვევაში როგორ მიმდინარეობს საექსპორტო ბაზრების განვითარება და ამ მიმართულებით რა ხდება?

- გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საკმაოდ დივერსიფიცირებულები ვართ, ჩვენ რუსეთი თავიდან ბოლომდე ამოღებული გვაქვს პორტფელიდან. ტოპ საექსპორტო ბაზრები ჩვენს შემთხვევაში არის ჩინეთი, უკრაინა და ყაზახეთი. რიგი პროექტები გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით, რჩება ევროპა ბალტიის ქვეყნები, აზია ამერიკა. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი მიღწევებით და ვფიქრობთ, რომ უკვე მომავალი წლისთვის აბსოლუტურად სტაბილურ ბალანსზე ვიქნებით გასული და ჩვენთვის საამაყოა, როდესაც ისეთ ბაზრებზე შევდივართ, სადაც რთულია მუშაობა და ძალიან დიდი კონკურენციის ეტაპების გავლა გვჭირდება.

ჩვენ ბრიტანეთის ბაზარზე შესვლა შევძელით, რომელიც ძალიან რთული ბაზარია და საკმაოდ გაჯერებულია მსოფლიოს ღვინოებით.

ვერავინ მიუთითებს ბიზნესს რომელ ბაზარზე შევიდეს. ეს აბსოლუტურად კერძო სექტორის გასაკეთებელია. შესაბამისად ის, რომ ორიენტირი არ უნდა იქნეს აღებული სარისკო ბაზრებზე, სადაც თანხების ამოღება რთულია, ეს ცახდია.



20.ნოემბერი.2018 17:43
68

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
993

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1176

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
103

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
221

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
451

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად