04.თებერვალი.2016 13:35
საზოგადოება

NGO-ები: "მაესტროში" განვითარებული პროცესები ამძაფრებს ეჭვებს პოლიტიკური კონტროლის დამყარებაზე

NGO-ები: "მაესტროში" განვითარებული პროცესები ამძაფრებს ეჭვებს პოლიტიკური კონტროლის დამყარებაზე
არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
 
"2016 წლის 2 თებერვალს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ტელეკომპანია „მაესტროს" მეწილეთა ცვლილება. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ტელეკომპანიის წილების საკონტროლო პაკეტის, 55% წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე, "უცნობი" გახდა. გაჩეჩილაძემ ორი თანამფლობელისგან, გიორგი ებრალიძისგან და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15%-იანი წილი შეიძინა.

არხის მენეჯმენტისათვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო. მფლობელებს შორის არსებობდა ნოტარიული წესით დამოწმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გიორგი გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია "მაესტროს" თავისი 25%-იანი წილი დანარჩენი პარტნიორებისთვის სიმბოლურ თანხად, 400 ლარად უნდა გადაეცა არაუგვიანეს 2012 წლის 10 დეკემბრისა. ტელეკომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, გაჩეჩილაძემ აღნიშნული შეთანხმების შესრულებაზე უარი თქვა და საპირისპიროდ თავისი წილების გაზრდას შეეცადა. ამასთან, გაჩეჩილაძის განცხადებით, წილების გამოსყიდვისათვის საჭირო თანხა მას ირაკლი რუხაძემ ასესხა. რუხაძე თავის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესის, მათ შორის კონკურენტი ტელეკომპანიის, "იმედის" მმართველია.

საკონტროლო პაკეტის ახალმა მფლობელმა, გია გაჩეჩილაძემ 2016 წლის 4 თებერვლისთვის მოიწვია პარტნიორების კრება და კრების დღის წესრიგში ერთადერთ საკითხად არხის მოქმედი დირექტორის, ეთერ (ბაია) გადაბაძის თანამდებობიდან მოხსნის და ახალი დირექტორის არჩევის საკითხი დააყენა. თუმცა, პარალელურად, საჯარო განცხადებებში გაჩეჩილაძე უარყოფს არხზე საკადრო ცვლილებების და მენეჯმენტის დათხოვის განზრახვას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ 2 თებერვალს გიორგი გაჩეჩილაძე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა. გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატმა გაჩეჩილაძის პრემიერმინისტრთან შეხვედრა უარყო. შედგა თუ არა შეხვედრა და იყო თუ არა ტელეკომპანია "მაესტროს" საკითხი ამ შეხვედრის საგანი, უცნობია.

ტელეკომპანია "მაესტროს" 25% -იანი წილის მფლობელი და მთავარი ინვესტორი, ასევე არხის ფაქტობრივი მმართველი მაკა ასათიანი ემიჯნება გია გაჩეჩილაძის განზრახვებს და დავის სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელებას გეგმავს. ტელეკომპანიის მფლობელობაში მომხდარ ცვილელებებს არხის მოქმედი მენეჯმენტი პოლიტიკური მოტივებით ხსნის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტელეკომპანია "მაესტროს" გაკოტრების საქმეს სასამართლო განიხილავს და არხის ჯამური დავალიანება კრედიტორების მიმართ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატება, მოქმედი მენეჯმენტის აზრით, გაჩეჩილაძეს ტელეკომპანიაში ფინანსური ინტერესი არ უნდა ჰქონოდა. არხის მფლობელები დავობენ ასევე ტელეკომპანიის სახელისა და ლოგოს განკარგვის უფლებებზეც. ასევე იმ წინასწარი ხელშეკრულების შესრულებაზე, რომლის მიხედვითაც გაჩეჩილაძეს კუთვნილი 25% სხვა პარტნიორებისთვის უნდა დაეთმო.

მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე დავების და სასამართლო საქმეების კერძო ხასიათისა, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რეიტინგით ქვეყნის მესამე ტელეკომპანიის მფლობელობაში მომხდარი მოულოდნელი ცვლილები ბადებს საფუძვლიან ეჭვებს პროცესის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული პროცესები კიდევ უფრო ამძაფრებს სამოქალაქო სექტორის ეჭვებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობის შესახებ. მსგავსი ქმედების მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 2015 წლის ზაფხულში დაწყებული ერთი შეხედვით კერძო ხასიათის დავა "რუსთავი 2"-ის წილების მფლობელობასთან დაკავშირებით.

ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფისთვის, ასევე განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელებმა ნაჩქარევად არ მიიღონ არხის მენეჯმენტის და ჟურნალისტების გათავისუფლების გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავების დასრულებამდე. აღნიშნული ქმედებით ისინი დაადასტურებენ, რომ მათი მიზანი არხის განვითარებაა და არა ტელევიზიისთვის პრობლემების შექმნა ან სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის მართვაში განხორციელებული ან დაგეგმილი ცვილელებების შესახებ საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო სექტორის დროული ინფორმირება, რათა გამორიცხული იყოს რეიტინგულ მედია საშუალებაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის ან მსგავსი სპეკულაციის ნებისმიერი მცდელობა და შესაძლებლობა. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისა და ამ პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვისკენ", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მედიის განვითარების ფონდი (MDF), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), მედიაკლუბი და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).



18.ივლისი.2018 17:59
72

ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში ახალი რეგულაციები აამოქმედა

ვრცლად
18.ივლისი.2018 17:58
19

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

ვრცლად
18.ივლისი.2018 17:36
13

"ამ ეტაპზე არ უნდა გაგრძელდეს ის სამუშაოები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს"

ვრცლად
18.ივლისი.2018 17:28
20

ავიაკომპანია “Iran Air” ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის მიმართულებას ამატებს

ვრცლად
18.ივლისი.2018 17:20
149

დავით ნარმანია: მაინინგი დამატებით სიმძლავრეებს საჭიროებს

ვრცლად
18.ივლისი.2018 17:00
73

ბავშვების სისხლში ტყვიის შეცველობას სექტემბრიდან UNICEF შეისწავლის

ვრცლად