მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო აღრიცხვის სქემით ქსელში კიდევ ერთი მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური ჩაერთო

592d36484933a
BM.GE
30.05.17 13:06
4706
კომპანია "მზის სახლმა", ბათუმში 2,6 კილოვატის სიმძლავრის მზის მიკრო ელექტროსადგური დაამონტაჟა, რომელიც ქსელში ნეტო აღრიცხვის სქემით არის ჩართული.
პროექტი შეიცავს: მზის პანელებს; ქსელის ჰიბრიდულ ინვერტორს, რომლის დანიშნულებაა მუდმივი დენის გარდაქმნა ცვლად დენად; ასევე, ე.წ. "ნეტო აღრიცხვის" სქემის განხორციელებისას საჭიროა სპეციალური მრიცხველი, რომელსაც შეუძლია როგორც ქსელში გაცემული, ასევე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის აღრიცხვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნეტო აღრიცხვის პროგრამის ამოქმედებიდან თითქმის ერთი წელია გასული. ამ ეტაპზე სისტემაში დაახლოებით ათი საწარმო და რამდენიმე ფიზიკური პირია ჩართული.

ცნობისთვის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაამონტაჟოს მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის კატეგორიას განეკუთვნება საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.
საცალო მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება ხორციელდება გამარტივებული პროცედურით – ერთი ფანჯრის პრინციპით.

განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს მიკროსიმძლავრის მიერ გამომუშავებული ენერგია ქსელში და ანგარიშსწორება აწარმოოს მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვით მიღებულ სალდოზე. თუ წლის ბოლოს ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ წლის ჭრილში ჭარბად ელექტროენერგიის მიწოდებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

"ენერგოპლატფორმა"