მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწარმოებლების ახალი ვალდებულება - ელექტრონული ნარჩენების შეგროვება

5b5188e2451e5
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.18 11:45
897
კომპიუტერები, პლანშეტები, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები - ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ეს ტექნიკა საქართველოში ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე იყრება. შედეგად, ისეთი ტოქსინები, როგორიცაა ტყვია, დარიშხანი, ვერცხლისწყალი - გარემოში ინაცვლებს, მას აბინძურებს და ადამიანის ორგანიზმში ხვდება. 2019 სავარაუდოდ ბოლო წელი იქნება, როდესაც მსგავსი ტიპის ნარჩენები ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე მოხვდება. რადგან საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში აიღო ვალდებულება, ელექტრონული ნარჩენების შეგროვება და უსაფრთხოდ განთავსება უზრუნველყოს. შესაბამისი ვალდებულებების შესრულება მწარმოებლებს დაეკისრებათ.

"მწარმოებლებს და იმპორტიორებს ვალდებულება ექნებათ შექმნან ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვება-ტრანსპორტირება და დამუშავებაზე. ასეთ ორგანიზაცია ჯერჯერობით იქნება ერთი და მასში შესული იქნება ყველა იმპორტიორი თუ ბაზარზე განმათავსებელი და მათ წილობრივად მოუწევთ საკუთარი ნარჩენების დამუშავება. იმ ორგანიზაციას, რომელსაც სურვილი ექნება, რომ დამოუკიდებლად განახორციელოს დამუშავების საქმიანობა მას ეს კანონმდებლობით აკრძალული არ აქვს თუ იმ პირობებს შეასრულებს, რომელიც გაწერილი იქნება",- აცხადებს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენების მართვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ლოლაძე.

დარჩება თუ არა საბოლოოდ ეს სქემა გადაწყვეტილი არ არის. პროექტი შემუშავებულია, თუმცა, კანონი მიღებული არ არის. უწყებაში დღეს აცხადებენ, რომ რეციკლირების რამდენიმე გზა იქნება განსაზღვრული: მომხმარებლების მიერ ნარჩენების კონკრეტულ პუნტქებში ჩაბარება, თავად კომპანიების მხრიდან ნარჩენების შეგროვება და ტექნიკის რეალიზატორი მაღაზიების მხრიდან სპეციალური პუნქტების განთავსება ნარჩენებისთვის.

ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი, რომელიც ელექტრონული ნარჩენების შეგროვებას ითვალისწინებს, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. მანამდე კი მთავრობამ არამხოლოდ კანონის მიღება, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაც უნდა მოასწროს. იმ შემთხცვევაში თუ ადგილზე ნარჩენების გადამამუშავაბელი საწრამოები არ ამოქმედდება, ელექტრონული ნარჩენები სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გაიგზავნება.