მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ხარჯები 324 მლნ ლარით იზრდება

5a166decd1670
დავით ჯალაღონია
23.11.17 10:40
990
მიმდინარე წელს მთავრობის ხარჯები 324 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტშია მოცემული.

კანონპროექტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 476.5 მლნ ლარი, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 106 მლნ-ით მეტია. სამინისტრო ამ თანხის დახარჯვას ბიზნეს-სახლის მშენებლობაში, ქუთაისის აეროპორტში სამშენებლო სამუშაოებში და მთის კურორტების ინფრასტრუქტურაზე გეგმავს.

"ამასთან, აღნიშნულ პროექტებზე, ასევე სამინისტროს შენობის მშენებლობაზე მიიმართება ანაკლიის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვის პროგრამაში წარმოქმნილი ეკონომია“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ხარჯები 323 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც დამტკიცებულ გეგმას 65 მილიონით აღემატება. ამ თანხის დახარჯვა სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის და ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის იგეგმება. ამასთან, 5 მლნ ლარით მცირდება „აგროკრედიტის“ ბიუჯეტი, რადგან სამინისტროს აღნიშნული თანხის მიმართვა სამელიორაციო სისტემებისა და წყალსაცავების მშენებლობისთვის აქვს გათვალისწინებული.
ასევე, 30 მილიონი ლარით გაზრდილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი და 1 288 მლნ ლარით განისაზღვრა. დამატებული თანხა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის, მყარი ნარჩენების პროექტის თანადაფინანსებისთვის, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მოიაზრება.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული თანხა 10 მილიონი ლარით იზრდება და 146.8 მილიონ ლარს შეადგენს. ეს 10 მილიონი ლარი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 197.3 მილიონ ლარამდე, 65 მილიონი ლარიტ იზრდება. აქედან 50 მლნ გაზიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსებისთვის არის გათვალისწინებული, რომლის ფარგლებში სამუშაოები განხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში და როგორც განმარტებით ბარათში წერია, შესაძლებელი იქნება მომდევნო წელს გათვალისწინებული 30.0 მლნ ლარის შემცირება და მისი მიმართვა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. გარდა ამისა, 2018 წელს დონორების მიერ დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 15 მლნ ლარი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი განისაზღვრა 99.8 მლნ ლარამდე, რაც დამტკიცებულ გეგმათან შედარებით გაზრდილია 15 მლნ-ით. თანხის დახარჯვა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იგეგმება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხარჯები 5 მილიონი ლარით იზრდება და 115 მლნ ლარით განისაზღვრება. დამატებითი თანხა ძირითადად უცხო ქვეყნებში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენებასა და საელჩოების შენობის ქირას მოხმარდება.

4 მილიონი ლარით იზრდება ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ხარჯები, რაც იმ თანხის კომპენსირება მოხდება, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წლის ზაფხულში ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული თანამშრომლების წახალისებისთვის მიმართა.

გარდა ამისა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები 24 მილიონი ლარის ოდენობით იზრდება.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მიმდინარე წელს დამატებული ასიგნებები შესაძლებელია, 2018 წლის ბიუჯეტს დააკლდეს.