მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ დეკემბერში საშუალო თვიური ხარჯი გააორმაგა

5b054da03d3d3
თელარა გელანტია
23.05.18 15:10
1062
საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში უკვე პარლამენტშია.

100-გვერდიან დოკუმენტში გენერალური აუდიტორი ვრცლად მიმოიხილავს მაკროეკონომიკურ გარემოს და ფისკალურ დისციპლინას; ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას როგორც - შემოსავლების, ისე გადასახდელების კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ადგილი ჰქონდა გადასახდელების ათვისების ანუ ხარჯების მკვეთრ ზრდას ფისკალური წლის ბოლოსკენ - დეკემბერში, რაც აუდიტის სამსახურის შეფასებით, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს ქმნის.

„მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში აღნიშნული ტრენდი მეტ-ნაკლებად შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, 2017 წლის დეკემბერში გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებლის 193% შეადგინა და 41 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საყურადღებოა, რომ ფისკალური წლის დასასრულს, მკვეთრი ზრდით ხასიათდება გადასახდელების თითქმის ყველა კომპონენტი“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თუ მთავრობა გასული წლის განმავლობაში, თვეში საშუალოდ ხარჯავდა 910 მლნ-ს ლარს, დეკემბერში თითქმოს ორჯერ მეტი აითვისა ანუ დაახლოებით, მილიარდ 755 მლნ ლარი დახარჯეს. კერძოდ, მეტი გასცეს ხელფასების სახით, მეტი დახარჯეს სოციალური უზრუნველყოფისთვის, ვალის მომსახურებისთვის და ა.შ.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ საბიუჯეტო წლის დასასრულს ასიგნებების ათვისების ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით მასშტაბურად ვლინდება მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების დონეზე. კერძოდ, დეკემბერში საშუალოდ 2.6-ჯერ მეტი დახარჯეს, ვიდრე საშუალოდ ხარჯავდნენ 11 თვის განმავლობაში.

„ფისკალური წლის ბოლოს ბიუჯეტის გადასახდელების ზრდის ტენდენციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფო საწარმოებში კაპიტალის გაზრდის მიზნით მიმართულმა რესურსმა და რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წინასწარი ანგარიშსწორების სახით (ავანსად) გაცემულმა თანხებმა. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო წლის ბოლოს ავანსების სახით ადგილი ჰქონდა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებას ან საქონლის/მომსახურების შესყიდვას, რომელთა გადახდის აუცილებლობა საჯარო უწყების წინაშე იმ მომენტისათვის არ იდგა და ემსახურებოდა დარჩენილი საბიუჯეტო რესურსის ათვისებას“, - წერია ანგარიშში.