მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ხვალ ჭარბვალიანობის დაძლევის და "შავი სიის" პრობლემის მოგვარების მეთოდს გააჟღერებს

5bf1790d5f61a
თელარა გელანტია
18.11.18 18:35
3057
საქართველოს მთავრობა ხვალ ჭარბვალიანობის დაძლევის „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების მეთოდს გააჟღერებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასე გამოეხმაურა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით წაყენებულ რამდენიმე მოთხოვნას. კერძოდ, ვაშაძის თქმით, ე.წ. „შავი სიიდან“ უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები. პარალელურად, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს 2-ჯერ შეამცირებენ.

„როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე.

ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ.

მეგობრებო! „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო.

მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს.
დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.