მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა თესლის სავალდებულო სერტიფიცირების ინიციატივით გამოდის

58ecf0c9abcb8
თელარა გელანტია
11.04.17 19:03
2729
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა რიგი ჯიშების თესლის სერტიფიცირება სავალდებულო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა მოხდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაწერა კანონ-პროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“, რომლის განხილვაც პარლამენტში დაიწყო.

კანონ-პროექტის მიზანი ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფაა, თუმცა ის პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე არ გავრცელდება.

ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა უნდა დაამტკიცოს.

გარდა ამისა, კანონ-პროექტის თანახმად, დაუშვებელია სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაცია, თუ ეს ჯიშები არ არის შეტანილი ეროვნულ კატალოგში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს წარმოადგენს. კატალოგი კი, კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უნდა დამტკიცდეს.

სერტიფიცირების ორგანო შეიძლება იყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.

რაც შეეხება, ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასურის ოდენობას, ის 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დამტკიცდეს.
იმ შემთხვევაში, თუ პირი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაციას სერტიფიკატის გარეშე განახორციელებს, ის დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონ-პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სავალდებულო სერტიფიცრების სისტემის არარსებობა მაღალი ხარისხის თესლის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებას აფერხებს.

„კანონპროექტის მიღების მიზეზია ის, რომ საქართველოში არ არსებობს მეთესლეობის სქემა და სათესლე და სარგავი მასალების ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისობის კონტროლის სისტემა. შედეგად კი, მივიღეთ ის, რომ თესლის მწარმოებელი პირები არ იცავენ არანაირ ნორმებს, ვინაიდან არ გააჩნიათ ამის ვალდებულება და საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე წამყვან პოზიციებს დაბალხარისხიანი თესლი იკავებს, ამასთან უმეტესობა ამრავლებს ისეთ იმპორტირებულ ჯიშებს, რომლებიც სრულად არ არის შეგუებული (ადაპტირებული) ადგილობრივ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებთან. ყოველივე აღნიშნული აფერხებს მაღალი ხარისხის თესლის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებას“, - წერია დოკუმენტში.