მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებისთვის, სავარაუდოდ, ახალ ორგანოს ქმნის

5b76e373ad755
თელარა გელანტია
17.08.18 19:18
1624
სახელმწიფო შესყიდვები, შესაძლოა, ერთმა ორგანომ განახორციელოს.

საქმე იმაშია, რომ როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, მთავრობას საჭიროდ მიაჩნია, საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალურად ტრანსფორმირება და საჯარო შესყიდვების განხორციელება ახლებურად, ცენტრალიზებული შესყიდვების მიდგომების დანერგვით.

„საჭიროდ მიგვაჩნია, საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალურად ტრანსფორმირება და საჯარო შესყიდვების განხორციელება ახლებურად, ინოვაციური გზით, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება ცენტრალიზებული შესყიდვების მიდგომების დანერგვით. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას, რომ უზრუნველვყოთ სახელმწიფო სახსრების კიდევ უფრო ეფექტური ხარჯვა და შევამციროთ საჯარო შესყიდვებისთვის განხორციელებული შესაბამისი ხარჯები. ამავე დროს შევამციროთ სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი. მოვახდინოთ სახელმწიფო ორგანიზაციაში გაფანტული სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში კონცენტრირება და შესაბამისად, ასეთი სტრუქტურების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ სახელმწიფო შესყიდვები უკეთესი კოორდინაციით; ამავე დროს შევამციროთ შესაძლო კორუფციული რისკები და უზრუნველვყოთ ამ რისკების პრევენცია. ამ სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ, ჩვენი მოლოდინია, რომ მინიმუმ 100 მილიონი ლარის ეკონომიის მიღებას შევძლებთ “, - განაცხადა ბახტაძემ, მაგრამ რა გზებიით მიიღწევა ეკონომია და იქმნება თუ არა ახალი ორგანო, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

bm.ge ინიციატივის დეტალების გარკვევას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შეეცადა.

კითხვაზე - „თუ რას გულისხმობს პრემიერის მიერ დაანონსებული საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირება“, შესყიდვების სააგენტოშიც იმეორებენ, რომ ამ სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ, ყოველწლიურად მინიმუმ 100 მილიონი ლარი დაიზოგება.

ლევან რაზმაძის სააგენტოში განმარტავენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში გაფანტული სახელმწიფო შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში კონცენტრირება მოხდება, რაც მცირე მთავრობის დეკლარირებული კონცეფციის დებულებებს პირდაპირ პასუხობს.

“თავის მხრივ, შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში კონცენტრირება კი, საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ სახელმწიფო შესყიდვების უკეთესი კოორდინაცია და ვაწარმოოთ შესაბამისი სტატისტიკური ბაზები”, - აცხადებენ შესყიდვების სააგენტოში.

საჯარო შესყიდვების ცენტრალიზებული გზით განხორციელება საშუალებას მოგვცემს:

- უზრუნველვყოთ სახელმწიფო სახსრების ეკონომიურად ხარჯვა და შევამციროთ საჯარო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ტრანზაქციების ხარჯები;

- შემოვიღოთ მრავალი კატეგორიის საქონლისა და მომსახურების ერთიანი სტანდარტი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო სახსრების უფრო ეფექტიან ხარჯვას;

- უზრუნველვყოთ შესასყიდი საქონლის/მომსახურების ხარისხის ოპტიმიზაცია და უკეთესი კონტროლი;

- განვახორციელოთ ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტურობის მნიშვნელოვნად ამაღლება;

- თავიდან ავიცილოთ ჩავარდნილი, არშემდგარი და შეწყვეტილი ტენდერების გამო გაჭიანურებული სახელმწიფო შესყიდვები და შევამციროთ გამარტივებული შესყიდვების შემთხვევები;

- შევამციროთ შესაძლო კორუფციული რისკები და უზრუნველვყოთ ამ რისკების პრევენცია;

- ხელი შევუწყოთ ბიზნესისათვის კიდევ უფრო სტაბილური გარემოს შექმნას და გავააქტიუროთ საჯარო შესყიდვებში, როგორც ადგილობრივი მეწარმეების, ისე არარეზიდენტი იურიდიული პირების ჩართულობა;

- მოვახდინოთ საზოგადოების თითოეული წევრისათვის სოციალური სერვისების დროული, ეფექტიანი და ხარისხიანი მიწოდება;

- უზრუნველვყოთ ცენტრალიზებულ შესყიდვებში ელექტრონული პლატფორმისა და ახალი უნიკალური ელექტრონული სერვისების ფართოდ გამოყენება.

- კვალიფიციური მენეჯმენტით, სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს შორის ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მარტივი კომუნიკაციის ფორმა და გაღრმავდეს სანდო და პარტნიორული ურთიერთობები;

- საფუძვლიანი ბაზრის კვლევის საფუძველზე, შემუშავდეს კიდევ უფრო მაღალკვალიფიციური, ობიექტური და გონივრული სატენდერო პირობები, რაც მიმწოდებელთათვის უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, კონკურენტულ გარემოს და სანდოობას. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს წარმატებულად შესრულებულ კონტრაქტებს“, - განმარტავენ სააგენტოში.

BM.ge-ის კითხვაზე - შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირების ფარგლებში, იქმნება თუ არა ახალი ორგანო, სააგენტოში კონკრეტული პასუხი არ აქვთ.