მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა პარლამენტს საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკში დასაბრუნებლად კანონპროექტს უგზავნის

58abf54c23ff7
დავით ჯალაღონია
21.02.17 12:05
1396
მთავრობა პარლამენტს საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკში დასაბრუნებლად კანონპროექტს უგზავნის. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"2015 წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტებში ცვლილება, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა გადასულიყო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან. ამის შემდეგ საკონსტიტიუციო სასამართლოში მოხდა აღნიშნული კანონპროექტების გასაჩივრება. ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას", - განაცხადა ქუმსიშვილმა და ამავე საკითხზე საუბრისას დასძინა, რომ მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური მოლაპარაკებების პროცესშია, რომლისთვისაც „ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება“.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. 2015 წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეიტანეს, რის გამოც 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და ""საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 2015 წლის 3 სექტემბრის საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმების მოქმედება.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდთან ბოლო პროგრამის დაუსრულებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტი იყო, რაც IMF-ს, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, არ მოსწონდა.