მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დააჯარიმებს ყველას, ვინც ბინის ენერგოეფექტიანობის სავალდებულო სერტიფიკატს არ აიღებს

5bcf4d4daafbb
BM.GE
23.10.18 21:00
4109
თუ საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მიიღებს, 2019 წლის 30 ივნისიდან თქვენ შენობისა და ბინის გაყიდვისა და გაქირავებისთვის დაგჭირდებათ ახალი ტიპის სერტიფიკატი, რომელშიც მითითებული იქნება თუ რა არის ამ უძრავი ქონების ენერგოეფექტიანობის მაჩვენებელი. თუ ამ დოკუმენტს არ აიღებთ, სახელმწიფო 150 კვადრატულზე ნაკლები უძრავი ქონების შემთხვევაში 300 ლარით დაგაჯარიმებთ. 500 კვადრატულზე მეტი ფართობის მქონე შენობაზე ჯარიმა 1500 ლარი იქნება. 

რას გულისხმობს ცვლილება

ელექტროტექნიკის შეძენისას შეამჩნევდით, რომ პროდუქტის შეფუთვაზე ყოველთვის არის მითითებული თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს ეს საგანი. მოხმარებული კილოვატ საათების გასწვრივ კი მითითებულია თუ რამდენად ენერგოეფექტურია ეს პროდუქტი. ამისთვის ევროკავშირში გამოიყენება ენერგოეფექტურობის 7 კლასი, რომლებიც A-დან G-თი განისაზღვება. სადაც A კლასი ყველაზე ენერგოეფექტური, ხოლო G კი ყველაზე არაენერგოეფექტურ პროდუქტს აღნიშნავს. ამ სერტიფიკატის მიღება შენობის ყიდვა/გაყიდვა გაქირავებისას იქნება აუცილებელი.

თუ საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ მიღებულ კანონპროექტს მიიღებს, საქართველოში გასაყიდ უძრავ ქონებასაც ანალოგიური კლასები მიენიჭება. ამ დროისთვის უცნობია რა ტექნიკური რეგლამენტით მოხდება სახლების ენერგოეფექტიანობის შეფასება, რადგანაც აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღოს, თუ პარლამენტი ამ საკანონმდებლო ცვლილებას მხარს დაუჭერს.

ამავე ტექნიკურ რეგლამენტში იქნება გაწერილი, რა უნდა იყოს უძრავი ქონების შეფასების ღირებულება და ასევე წესებიც, როგორ უნდა მოხდეს ენერგოეფექტურობის შემფასებელი კომპანიების აკრედიტირება. აკრედიტებული კომპანიისგან სერტიფიკატის მიღება 2019 წლიდან იქნება სავალდებულო. ამავდროულად, უძრავი ქონების რეკლამირებისას სავალდებულო იქნება ამ შენობის ენერგოეფექტურობის კლასის მითითება. კანონპროექტის ავტორის, მთავრობის შეფასებით, ეს ბინის პოტენციურ მყიდველებს წინასწარვე შეუქმნის მოლოდინს, თუ რა შეიძლება დაჯდეს ამ ქონების გათბობა/გაგრილება. თუ გამყიდევლი ამ ინფორმაციას არ მიუთითებს, ის დაჯარიმდება. მაქსიმალური სანქცია 200-ლარიანი ჯარიმაა.

საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში რიგი ახალი ნორმებისა და ცნებების დაწესებას იწვევს. მათ შორისაა “თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის” სტატუსი.

კანონპროექტში თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა ასეა განმარტებული:

“თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა - შენობა, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი ენერგოეფექტიანობა, ენერგიის თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული განახლებადი ენერგიის წყაროებიდან.”

კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი შენობის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურებს 2029 წლის 30 სექტემბრის შემდეგ წარედგინებათ განსახილველად, უნდა აკმაყოფილებდეს “თითქმის ნულოვანი” შენობის სტატუსს. ხოლო სახელმწიფოსთვის განკუთვნილი შენობებისთვის “თითქმის ნულოვანის” სტატუსის ქონა 2027 წლიდან იქნება სავალდებულო.

რით ხსნის მთავრობა ამ ცვლილების აუცილებლობას?

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას უკავშირდება. ნათქვამია, რომ საქართველომ ამ გაერთიანებაში გაწევრიანებით ევროპარლამენტის მიერ 2010 წლის 19 მაისს მიღებული ევროდირექტივის იმპლემენტაციის ვალდებულება აიღო.

საინტერესოა, რომ ქართული კანონპროექტი ამ ევროდირექტივის თითქმის სრულ თარგმანს წარმოადგენს. ის თი რა არის “თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა” უშუალოდ ევროდირექტივა არ განმარტავს. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ამ ცნების განსაზღვრისას ქვეყნებს თავისუფლებას ანიჭებს. მაგალითად, დანიაში ამ ტიპის შენობად ითვლება ობიექტი, რომლის ერთი კვადრატული მეტრის გათბობა/გაგრილებისთვის წლის განმავლობაში 20 კილოვატ საათზე მეტი არ უნდა იხარჯებოდეს. ხორვატიაში ეს მაჩვენებელი 33 კილოვატ საათია, ხოლო ლატვიაში კი 95 კილოვატ საათი. 45-50 კილოვატ საათის ფარგლებშია ეს მოთხოვნა შემდეგი ქვეყნებში - ესტონეთი, ირლანდია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, გაერთიანებული სამეფო, და ბულგარეთი.

ბუნდოვანი ტექსტი და დეპუტატთა შენიშვნები

22 ოქტომბრის განხილვაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ეს საკანონმდებლო პაკეტი მოუმზადებლად ჩათვალა და საჭიროდ მიიჩნია აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვა.

კანონპროექტი სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ეროვნულ კანონმდებლობაში აისახოს შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს დირექტივა.

იმის გამო, რომ ამ დროისთვის არ არსებობის ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც შენობების ეფექტიანობა უნდა გაიზომოს და დადგინდეს “თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების” შენობის სტატუსი, უცნობია რამდენად მძიმე ტვირთი შეიძლება იყოს ის საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის.

“ჩვენ უნდა გამოვიდეთ არამარტო მშენებლობის ხარჯებიდან, არამედ უნდა ვიანგარიშოთ ხარჯები, რომლებიც დაკავშრებულია ბინის ყიდვასა და ექსპლუატაციასთან. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ენერგოეფექტიანობის მოთხოვნები მხოლოდ მაშინ იქნება და ისიც ახალ ბინებზე, თუ არის ხარჯეფექტური. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დახარჯული თანხა ნაკლებია იმ დანაზოგზე, რომელსაც ადამიანები მიიღებენ ენერგოეფექტიანი ღონისძებების განხორციელების შედეგად, ენერგოეფექტიანობა სავალდებულო არ იქნება.

მაგალითად, თუ მე ბინა დამიჯდებოდა კვადრატული 200 ლარი, დავხარჯზე თითოეულ კვადრატულზე 3 ლარით მეტი, მაგრამ დავზოგე ამდენივე ბუნებრივი გაზი ან ელექტროენერგია, მაშინ მე ენერგოეფექტიანობა მომეთხოვება. მაგრამ თუ ჩემი დანაზოგი ბინის ყიდვისას, ნაკლებია ვიდრე თანხები, რომლებიც დამიჯდა შენობის გაენერგოეფექტიანობა, მაშინ არ არის სავალდებულო. ანუ ამოსავალი არის ის, რომ ბინის მყიდველმა უნდა მიიღოს დადებითი ეკონომიკური ეფექტი. ამის გაზომვა კი მოხდება ენერგო აუდიტორების მიერ,”- ამბობს გიორგი ქობულიას მოადგილე ირმა ქავთარაძე.

საინტერესოა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილება სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას არ იწვევს.

რომელ შენობებს არ ეხება რეგულაცია

1) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;
2) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობებს;
3) დროებით შენობა-ნაგებობებს;
4) სამრეწველო დანიშნულების შენობებს;
5) შენობებს, რომლებსაც საცხოვრებლად წლის განმავლობაში 4 თვეზე ნაკლები ვადით იყენებენ;
6) ცალკე მდგომ შენობებს, რომელთა ფართიც 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია.