მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური - საბჭოთა კავშირი ახლა აღარაა, დაინგრა"

5c0e9f1706e1c
თელარა გელანტია
10.12.18 21:14
1955
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური.

ამის შესახებ ქობულიამ პურის გაძვირების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს ფასს. პურის ფასი არ რეგულიდება. სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური. საბჭოთა კავშირი ახლა აღარაა, დაინგრა“, - განაცხადა ქობულიამ.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი გაზრდილია, რასაც შეეძლო, საქართველოში პურის გაძვირებაზე გავლენა ექონია.

„დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის კუთხით. ჩვენ ამას გამოვიძიებთ და შევისწვალით. თუ იქნება რაიმე პრობლემა, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ. არის თუ არა გარე ფაქტორები, რომელსაც შეეძლო პურის გაძვირება? - ჩვენ გადავხედეთ ინფორმაციას, თუ რა ხდება საერთაშორისო ბაზრებზე და დიახ, ისეთი სიტუაცია არის, რომელსაც შეეძლო პურის ფასის მომატება გამოეწვია; მაგალითად, მსოფლიო ბაზრებზე გაძვირდა ხორბალი“, - აღნიშნა ქობულიამ.

შესაბამისად, bm.ge-ის კითხვაზე - მაშინ რატომ ერევა მთავრობა და რატომ აპირებს ბაზრის კვლევას, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ჩვენ ვერევით იმიტომ, რომ თუ დავინახავთ, არაკონკურენტული გარემოს გამო, მოხდა ფასების აწევა, მაშინ რეაგირებას მოვახდენთ კონკურენციის სააგენტოს მანდატის ფარგლებში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ: პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში პურის ფასის მატებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმის გამოსავლენად, თუ არის ეს ბაზარი კონკურენტული ის შესაბამის უწყებებს ავალებს, რომ მათ აღნიშნული საკითხის მოკლვლევა დაიწყონ.

მთავრობის მეთაურის განცხადებიდან რამდენიმე საათში კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზების დასადგენად მუშაობა უკვე დაიწყო.

დღეს საქართველოში პური 5-10 თეთრთ გაძვირდა. ფქვილის მწარმოებელთა ფედერაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ამ დროისთვის ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი 46-47 ლარია, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ 43-44 ლარი ღირდა.

რაც შეეხება ხორბლის ფასებს, ის 30 დოლარით გაიზარდა და 1 ტონა ხორბალი $240 ღირს.

გაძვირების მიზეზებს შორის, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვალუტის კურსს და რუსეთში ხორბლის ფასების ზრდას ასახელებს.

„ფასები რუსეთში გაზრდილია, პურის ფასი იქ 10%-15%-ით გაიზარდა“, - აცხადებს სილაგავა.