მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაძვირება საექსპორტო პოტენციალს დაარტყამს"

5c13b4c5d661b
დათო ჯალაღონია
14.12.18 18:40
1029
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის მსხვილ, კომერციულ მომხმარებლებს თავისუფალ ბაზართან ადაპტაციისთვის დრო მომავალი წლის ზაფხულამდე უნდა მისცეს.

ამის შესახებ ვეფხვაძემ BM.GE-ის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ საუბრისას განუცხადა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

„ჯერ-ჯერობით, არ არის ცხადი კრიტერიუმები, თუ რომელ კომპანიებს მოუწევთ თავისუფალ ბაზარზე გასვლა, თუმცა მოლოდინი, რომ ეს მსხვილ, ინდუსტრიულ კომპანიებს შეეხება, ცხადია, არსებობს და პირველ რიგში, იმ კომპანიებს, რომელთაც წლიურად 50-60 მლნ მოხმარება აქვთ. ასეთი თუ არ ვცდები, 12-მდე კომპანიაა, მათ შორის, სოციალური დანიშნულების კომპანიები, როგორიც არის მეტროპოლიტენი, გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემა, ასევე „საქართველოს რკინიგზა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

როგორც ვეფხვაძე განმარტავს, იმ კომპანიებს, რომლებიც ამ კატეგორიას განეკუთვნებიან, ელექტროენერგიის შეძენა იმაზ ძვირად მოუწევთ, ვიდრე ახლა იხდიან.
„ეს კომპანიები ელექტროენერგიას სადისტრიბუციო კომპანიებისგან იღებენ, რომელთაც პირველ რიგში, წვდომა იაფ, მარეგულირებელი ჰესების ელექტროენერგიაზე აქვთ და შესაბამისად, მათი შეწონილი ტარიფი ამ კომპანიებისთვის შედარებით იაფია. ბუნებრივია, თუ მათ პირდაპირ დერეგულირებულ ელექტროსადგურებთან მუშაობა მოუწევთ, ეს ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ეს ფასი ამ წუთას ბაზრის კომერციული ოპერატორის მიერ განისაზღვრება და დღევანდელი მონაცემებით, ესკო-ს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი 14-თეთრამდეა, რაც დაახლოებით, 4-5 თეთრით აღემატება იმ ფასს, რასაც დღეს კომპანიები სადისტრიბუციო კომპანიებს უხდიან. მაგალითად, აზოტის ქარხანას, რომელიც წელიწადში 300 მლნ კვტ.სთ-ს მოიხმარს, ელექტროენერგიის დანახარჯი დაახლოებით 15 მლნ ლარით გაეზრდება, „რუსთავის ცემენტს“ - 10-12 მლნ ლარით და ა.შ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ „ეს პირველ რიგში, ამ კომპანიების საექსპორტო პოტენციალს დაარტყამს, რადგან მათ პროდუქცია გაუძვირდებათ“.

მისივე თქმით, გამოსავალი თავისუფალი ბაზრის პრინციპებთან შესაგუებლად კომპანიებისთვის დამატებითი დროის განსაზღვრაა.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს, რადგან ეს გარდაუვალია და გარკვეული პერიოდით, ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ არა მხოლოდ მსხვილი კომპანიები, არამედ ყველანი, პირველ რიგში კომერციული მომხარებლები თავისუფალი ბაზრისკენ უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მყისიერად. კომპანიებს იურიდიული ფორმალობების მოსაგვარებლადაც კი მომზადება სჭირდებათ. გარდა ამისა, მათ ზამთარში თუ მოუწევთ გასვლა, ეს ყველაზე ძვირი პერიოდია, როცა „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილიც აფხაზეთს მიაქვს“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით, საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების სავალდებულო წესით გასვლა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე განხორცილდება. რაც შეეხება დანარჩენ მომხმარებლებს, რომელებიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიღმა იქნებიან, კანონპროექტით, მათ თავისუფალი არჩევანი ექნებათ - ელექტროენერგიის საცალო, ან პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდნენ.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის სავალდებულო კრიტერიუმები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წლის 31 იანვრამდე, სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოს.