მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

5b30949a527b3
BM.GE
25.06.18 11:05
1281
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იწყებს ახალი ინდიკატორის - მშენებლობის ღირებულების ინდექსის (Construction Cost Index – CCI) გამოქვეყნებას. მისი მიზანია მშენებლობის პროცესში გამოყენებული წარმოების ფაქტორების (მასალებისა და სერვისების) ფასების დროში ცვლილების ასახვა. წარმოების ფაქტორებში შედის: მასალები და ნედლეული, შრომა, ენერგია, ტრანსპორტი და სხვა ხარჯები. აღნიშნული ინდექსი წარმოადგენს მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს სწორი შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სექტორში დაგეგმვისა და პროგნოზირებისთვის. ინდექსზე მუშაობა საქსტატმა 2013 წლიდან დაიწყო, შვედეთის სტატისტიკის სამსახურთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში. 2017 წლიდან დაიწყო ინდექსის საცდელი გაანგარიშება, ხოლო 2018 წლის ივნისიდან იწყება ინდექსის გამოქვეყნება კვარტალური პერიოდულობით. განასხვავებენ მშენებლობის ღირებულების ინდექსის სხვადასხვა სახეს, რომელთა შორის მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ე.წ. შემავალი ფაქტორების ფასების ინდექსი (Input Price Index). ეს უკანასკნელი მოიცავს მხოლოდ მშენებლობის პროცესში გამოყენებული საწარმოო ფაქტორების ფასებს. საქსტატის მიერ გაანგარიშებული მაჩვენებელი სწორედ ამ სახის ინდექსს წარმოადგენს.

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 5,6 პროცენტით. აღნიშნული კლება ძირითადად განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21,8 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -6,68 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები 1,7 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 1,4 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5,2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 5,7 პროცენტიანი ზრდით, რაც 3,28 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ზრდაზე. გარდა ამისა, 3,3 პროცენტით გაიზარდა მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, ხოლო მანქანა-დანადგარების კატეგორიაზე დაფიქსირდა ფასების 1,3 პროცენტიანი კლება.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2018 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები: