მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოახლოებული ციტრუსის სეზონი და შეჩერებული აგროდაზღვევა აჭარაში

5ba4b2922b30f
დიანა ვაშაყმაძე
21.09.18 13:00
936
აჭარაში ციტრუსის სეზონი მოახლოვდა, ფერმერები კი აგროდაზღვევით ვერ სარგებლობენ.

პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ შვიდ სადაზღვევო კომპანიაში. BM.ge დაინტერესდა და ინფორმაცია გადაამოწმა შვიდივე სადაზღვევო კომპანიაში (ალდაგი; ჯი პი აი ჰოლდინგი; აი სი ჯგუფი; არდი; ალფა; თიბისი დაზღვევა; საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი;) აღმოჩნდა, რომ მოცემულ ეტაპზე მათი უმრავლესობა არ არის მზად ფერმერს ციტრუსის დაზღვევა შესთავაზოს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე BM.ge-სთან აცხადებს, რომ ციტრუსის აგროდაზღვევასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს დღებში დადებითად გადაწყდება.

ინფორმაციის დასაზუსტებლად BM.ge სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა. აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ აგროდაზღვევა ციტრუსთან დაკავშირებით დროებით შეჩერებულია. პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიების მიერ შემუშავებული და შეთავაზებულია ახალი პაკეტი, რომელის დეტალებიც მთავრობის სხდომაზე შეთანხმებისა და ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ციტრუსის დაზღვევის შემთხვევაში ანაზღაურებული ზარალის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც BM.ge-მ მოიპოვა ასეთია: 2014 -2015 წლებში ანაზღაურებული ზარალი 3,154,724 ლარია, 2016 წელს 1,240,571 ლარი, ხოლო 2017 წელს 2,285,583 ლარი.