მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიწისზედა მეტროს გაყვანით "ლილო მოლის" აქტივობა 30%-ით გაიზრდება"

5c485ba6adb7d
ელენე გოგბერაშვილი
23.01.19 18:40
920
თბილისის მერიის მიერ დაანონსებული მიწისზედა მეტროს ხაზის მშენებლობის შემდეგ „ლილო მოლის“ მენეჯმენტი სავაჭრო ცენტრში აქტივობის 30%-ით გაზრდას ელოდება.

მეტროს მესამე ხაზის გაყვანას თბილისის მერია სამგორიდან ლილოს ბაზრობამდე გეგმავს, რომელიც ჯამში, 8 ახალი სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტირებაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, რომელიც 10-11 მილიონი ლარი დაჯდება.

„ლილო მოლის“ მმართველი მენეჯერი, ლევან გაგუა bm.ge-თან აცხადებს, რომ მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა „ლილო მოლს“ დამატებით „პლიუსს“ აძლევს, რადგან დღეს ქალაქის ცენტრიდან ლილოს ბაზრობაზე მისასვლელად ორი ტრანსპორტის გამოცვლა მაინც არის საჭირო.

„ლილო მოლს“ წელიწადში 3,5 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ახალი მეტროს ხაზის მშენებლობა კიდევ უფრო გაუადვილებს მომხმარებელს ჩვენთან მოსვლას და ვფიქრობთ, ხელსაყრელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა 30%-ით გაზრდის აქტივობას“, - აცახდებს გაგუა.

„ლილო მოლის“ მმართველი მენეჯერი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე სავაჭრო ცენტრებს კონკურენტად არ განიხილავს და განმარტავს, რომ „ლილო მოლს“ თავისი მომხმარებელი ჰყავს.

„ჩვენ ადგილზე გვაქვს ტერმინალი, სადაც შემოდის საქონელი. საქონელბრუნვა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვან შემცირებასთან არ გვაქვს საქმე“, - აცხადებს გაგუა.