მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე: აკრძალვა შეიძლება, ცოტა უხეში სიტყვაა

5901b6b50fc52
დავით ჯალაღონია
27.04.17 13:14
1370
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უპირველეს ყოვლისა ქართველი მეწარმე უნდა განვითარდეს, მაგრამ "ამავე დროს ხელი უნდა შეეწყოს ისეთ გარემოს, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს უკეთესად გამოიყენებს და აითვისებს". ასე გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით უცხოელებზე მიწები არ გასხვისდება და მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევები დაწესდება.

"სოფლის მეურნეობა არის მიმართულება, სადაც არც თუ იოლია პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვეძებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადგილობრივი მეწარმის ინტერესებს დაიცავს და ამავდროულად, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ზოგადი თეზა მიწის კანონმდელობასთან მიმართებითაც ვრცელდება. აკრძალვა შეიძლება, ცოტა უხეში სიტყვაა. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ეძებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ინვესტორს გაუხსნას შესაძლებლობა და ამავე დროს პრიორიტეტულად დაცული იყოს ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ "საქმის კურსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოელებზე მიწის გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.

"ჩვენი ვერსია, რომელზეც ვმუშაობთ, გახლავთ ის, რომ უცხოელებზე ქართული მიწა არ გასხვისდეს. ერთადერთი პრეროგატივა, რომელიც ვფიქრობთ, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს, არის გამონაკლისი შემთხვევების ინდივიდუალურად განხილვა. შეძენის მსურველებს მოუწევთ შესაბამისი არგუმენტაციისა და პროექტის წარმოდგენა, რომელიც უნდა იყოს ძალიან დიდი ინვესტიცია, დასაქმება, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ, ანუ დიდი მასშტაბის მქონე პროექტი უნდა იყოს, რომ განხილულ იქნას გამონაკლისის სახით", - განმარტა ოთარ დანელიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა არის ინვესტიციის ის მოცულობა, რომელიც შეიძლება, არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა სახელისუფლებო გუნდში დასასრულს უახლოვდება და ამის შემდეგ საკანონმდებლო პროცედურები დაიწყება.