23.ივნისი.2017 11:11
ეკონომიკა

მეთხილე ფერმერები: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები დაგვიანებულია

მეთხილე ფერმერები: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები დაგვიანებულია
აზიური ფაროსანას გასანადგურებლად თხილის პლანტაციების შეწამვლა გრძელდება. მიუხედავად ამისა, ზუგდიდის რაიონში ფერმერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები დაგვიანებულია.

სოფელ ინგირის მაცხოვრებელი შაქრო ხურცილავა „საქმის კურსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შეწამვლა დაახლოებით თვენახევრის წინ იყო საჭირო, თუმცა არც პრეპარატები იყო ხელმისაწვდომი და ამინდიც სამუშაოდ ცუდ პირობებს ქმნიდა.

„შარშან მოსავლის 20% თუ იყო კარგი, წელს უფრო უარესი მდგომარეობაა. წელს ერთი ტონიდან 100 კილოზე მეტს არ ველი კარგ მოსავალს. თხილის გული არის დამპალი. ნაყოფი რომ იზრდებოდა, მაშინ რომ შეეწამლათ, უკეთესი იქნებოდა, ან ჩვენთვის რომ დაერიგებინათ ეს წამლები, მე თავად შევწამლავდი და პრობლემა არ იქნებოდა“, - აღნიშნავს შაქრო ხურცილავა.

ანალოგიურ ვითარებას აღწერს ადგილობრივი როლანდ ცაავა.

„შარშან და წელს თხილი დალპა. დასაქმება არ არის, სამუშაო ადგილები არ არის და ერთდაერთი შემოსავლის წყარო თხილია. სამეგრელოში ორი წელიწადია ხალხს ბანკების ვალი აქვთ და რითი გადაიხადონ არ იციან. მთავრობამ კი შემოიტანა შესაწამლი, მაგრამ უკვე გვიანია. თხილის ამბავი წელსაც დამთავრებულია“, - აცხადებს როლანდ ცაავა.

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს დაგვიანებულად არ მიიჩნევს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისი განცხადებით, „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ქიმიური წამლობის კამპანიასაც ატარებს, გარდა იმ ღონისძიებებისა, რომელიც კომპლექსურად ხორციელდება ამ მავნებელთან ბრძოლოს ნაწილში“.
ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილობრივებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რაშიც დახმარებას მედიასაც სთხოვს.

“კარგი იქნება, თუ თქვენც მოგვეხმარებით, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონული მაუწყებლების საშუალებით აქტიურ კომუნიკაციაში იყო ადგილობრივებთან. ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით, სოციალური ქსელებით ვავრეცელებთ ინფორმაციას, რომ ზუსტად ავუხსნათ მოსახლეობას“, - განმარტა დავითაშვილმა და დასძინა, რომ ეს კამპანია ყველაზე მაღალ დონაზეა ორგანიზებული“.

„რაც შეეხება წამლობას, რა თქმა უნდა ეს დამოკიდბულია ბევრ ფაქტორზე - ამინდზე, მავნებლის განვითარების იმ ფაზაზე, როცა ეფექტურია წამლობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩარევა უნდა ყოფილიყო მაშინ, როცა ახალი გამოჩეკილია მავნებელი. ამის გამო ყველგან, სადაც პრობლემაა განთავსდა ხაფანგები, რომელიც ამ მავნებელს იზიდავს. ყველაფერი გეგმიურად, იმ წესების მიხედვით მიდის, რომელზეც სპეციალისტები თანხმდებიან. ეს იქნება მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში 100%-ით ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, მინიმუმ რამდენიმე წელიწადი იქნება საჭირო.

„მხოლოდ ქიმიური წამლობა საკმარისი არ არის და საჭიროა, თავად მოსახლეობამაც გამოიჩინოს საკმაოდ დიდი ყურადღება. მავნებელი ბრუნდება შემოდგომაზე თბილ ადგილებში, ეძებს სახლის სახურავებს. ამიტომ საჭიროა გარკვეული კუსტარული ხაფანგების მოწყობა. ეს არის დეტალები, რაზეც სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობასთან მუშაობს. ის მოსაზრებები უსაფუძვლოა, რომ ჩვენ რაიმე დავაგვიანეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და მავნებელმა მეთხილეობის დარგს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის მოცულობის ზარალი მიაყენა. შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებისთვის საქართველოს მთავრობამ 7.5 მილიონი ლარი გამოყო, ამერიკის მთავრობამ კი - 5 მილიონი.
ავტორი: დავით ჯალაღონია
23.ნოემბერი.2017 16:04
22

ტერორიზმის შესაძლო გავლენა ტურიზმის სექტორზე

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 15:03
84

სასამართლოში მისოების სარჩელების განხილვებისთვის ვიწრო სპეციალიზაცია დაემატა

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 15:03
40

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციამ 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე 125 საქმე განიხილა

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 14:02
87

BGEO: 2018 წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 13:01
164

"ბიტკოინის ღირებულება $10 000-ს მიაღწევს"

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 12:12
60

ნავთობის ფასი იზრდება

ვრცლად