მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია მიკროავტობუსებისთვის 12 ახალ სავალდებულო გაჩერებას ამატებს

5c91edbfdc148
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 11:36
833
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსებისთვის სავალდებულო 12 ახალი გაჩერება იქნება.

ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მერი აღნიშნავს, ზუსტად 1 წლის წინ თბილისის მერიის მიერ მიკროავტობუსებისთვის რეგულაციების ამოქმედებამ გაამართლა.

„მოგეხსენებათ, მიკროავტობუსების მძღოლებს უფლება და შესაძლებლობა ჰქონდათ, ნებისმიერი მგზავრისთვის მოსახერხებელ ადგილზე გაეჩერებინათ. ეს ქალაქში სხვადახვა სახის პრობლემებს იწვევდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთებშიც გადაჭრან, რაც პირველ რიგში, მათი უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, მძღოლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა აღნიშნულის გამო და საცობების თვალსაზრისითაც, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ და მისი მოწესრიგება ეტაპობრივად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ამჟამად ცენტრალურ უბნებში მიკროავტობუსებისთვის გასაჩერებლად 14 ადგილია განსაზღვრული.

ახალი გაჩერებების შესახებ ინფორმაციას მერია მოგვიანებით გაავრცელებს.