02.მარტი.2016 16:49
საფინანსო სექტორი

მერაბ კაკულია: საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ქვეყნის ცენტრალურ ბანკს უნდა ჰქონდეს

მერაბ კაკულია: საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ქვეყნის ცენტრალურ ბანკს უნდა ჰქონდეს
საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძის კანდიდატურას უყრის კენჭს. კომიტეტებში მხარდაჭერის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის ყველა დეპუტატს ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
 
ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ კაკულია იმ კომისიის წევრი იყო, რომელმაც პრეზიდენტთან ერთად კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად შეარჩია, - თემაზე კაკულია გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" საუბრობს.

- ბატონო მერაბ, კობა გვენეტაძეზე ყურადღება რატომ შეჩერდა?

- ორი კრიტერიუმი იყო. პირველი გახლდათ განათლება, მეორე - პროფესიული გამოცდილება. იყო მესამეც, რომელიც ცალკე შეფასებას არ დაექვემდებარა, ეს იყო - პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, პირადად მე კობა გვენეტაძეს ყველაზე მაღალი შეფასება მივეცი. ეს უპირვლესეად, მისი საგანმანათლებლო ცენზიდან გამომდიონარეობს. ის პროფესიით ეკონომისტია. უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით, გარდა ამისა, მას უნიკალური პროფესიული გამოცდილება აქვს. კერძოდ, იგი 12 წლის მანძილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისში, ვაშინგტონში მუშაობდა. დასაწყისში სპარსეთი ყურის ქვეყნებს კურირებდა, შემდეგ იგი აზერბაიჯანში სავალუტო ფონდის წარმომადგენელი გახდა, მოგვიანებით ურთულეს პერიოდში, ყირგიზეთში იყო წარდგენილი. მას მაკრო-ეკონომიკური ანალიზის თვალსაზრისით, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჩემი ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში, რამდენიმე წელიწადი მაკრო-ეკონომიკის დეპარტამენტში უფროსი ეკონომისტის პოზიციაზე მუშაობდა. ასევე ფინანსთა მინისიტრის მოადგილე იყო, შემდეგ სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიცია ეჭირა და მაკრო-ეკონომიკის საკითხებს განაგებდა. ასე, რომ მას უნიკალური გამოცდილება აქვს.

- ეს ყველაფერი რომელ წლებში ხდებოდა?

- იგი ეროვნულ ბანკში 1994-1996 წლებში მუშაობდა, შემდეგ სამი წელი სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენელობაში იყო, ფინანსთა სამინისტროში 2000-2002 წლებში მოღვაწეობდა და 2005 წლამდე მოადგილე იყო.

- საბჭოს უკვე ყოფილმა კანდიდატმა, არჩილ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ გვენეტაძე უცხოეთიდან მხოლოდ სამი თვის დაბრუნებულია, რაც მას ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად მიაჩნია, რამეთუ შესაძლოა ის დღევანდელ ვითარებასა და მდგომარეობას კარგად არ იცნობდეს. როგორ ფიქრობთ, ეს მოსაზრება სწორია?

- ბოლო სამი თვე კობა გვენეტაძე Galt & Taggart-ის მთავარ ეკონომისტად მუშაობდა, ანუ იგი საქართველოს და მთლიანად ჩვენი რეგიონის მაკრო-ეკონომიკური ანალიზის პროცესში ჩართული იყო. გარდა ამისა, ამერიკაში მუშაობის დროს მას საქართველოში თავის კოლეგებთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა.

- მის შანსებს როგორ აფასებთ?

- ვთვლი, რომ მას დიდი შანსი აქვს პარლამენტიდან ხმების ის რაოდენობა მიიღოს, რომელიც საჭიროა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდეს.

- შეიძლება იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოგვევლინოს?

- იმ მონაცემებით, რაც მას გააჩნია სავსებით შესაძლებელია ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს. მაგრამ აქ ნიუანსები და პროცედურებია. ეროვნული ბანკის საბჭო ირჩევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ანუ საბჭოს წევრბმა უმრავლესობით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის წარდგინების შესახებ. ეს წარდგინება ქვეყნის პრეზიდენტთან მიდის და შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანებულებით ამტკიცებს მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. აქ მეორე ნიუანსია - საბჭოს მოწვევის უფლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ან მისი მოვალეობის შემსრულებელს აქვს, ან საბჭოს ორ წევრს შეუძლია საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ საკითხი დააყენოს, თუ ეს დღის წესრიგში გეგმით გათვალისწინებული არ არის. ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს, მისი მოვალეობის შემსრულებელი საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი არჩილ მესტვირიშვილია და მას უფლება აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა მოიწვიოს და ქვეყნის პრეზიდენტისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენის საკითხი დაყენოს.

- როგორ აფასებთ ეროვნული ბანკის უკვე ყოფილი პრეზიდენტის - გიორგი ქადაგიძის საქმიანობას და როგორ ფიქრობთ, შეცდომები უფრო მეტი იყო თუ წარმატება?

- გიორგი ქადაგიძეს ძალიან რთულ პერიოდში მიუწია ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ბოლო ორი წელიწადი. ზუსტად ასეთივე სიტუაციაში ვიყავი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაში და ვიცი, თუ რა რთულია გადაწყვეტილებების მიღება, ანგარიში რამდენ ფაქტორს უნდა გაუწიო და ა.შ. ბუნებრივია, უშეცდომო არავინ არის. მის საქმიანობაში წარმატებებიც იყო და შეცდომებიც. ამ ორი მიმართულების ბალანსზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ და უბრალოდ ვიტყვი, რომ ამას დრო გვიჩვენებს. საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება ბოლო წლებში რამდენად სასარგებლო იყო ქადაგიძის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობა ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის და იმ პერსპექტივებისთვის, რომელიც ამ ქვეყანას უნდა გააჩნდეს. ეს იმდენად კომპლექსური და რთული საქმიანობაა, რასაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი აკეთებს, რომ ამის ობიექტურ შეფასებას დრო სჭირდება.

- საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით, მისი გამოყოფა თავიდანვე პოლიტიკური ნაბიჯი ხომ არ იყო?

- ამაზე უკვე აღარავინ დაობს, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფას პოლიტიკური შემადგენელი ჰქონდა. მე ჩემი პოზიცია არც არასოდეს არ დამიმალავს და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ქვეყნის ცენტრალურ ბანკს უნდა ჰქონდეს, ანუ ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს ქვეყნის, როგორც მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ასევე მაკრო-პრუდენციული პოლიტიკა, რომელიც საფინანსო სექტორის სტაბილურობის ზედამხედველობასა და მასზე პასუხისმგებლობას გულისხმობს.



18.მაისი.2018 16:05
30

სებ-მა საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ვრცლად
18.მაისი.2018 15:09
89

"ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია"

ვრცლად
18.მაისი.2018 11:41
127

"სებ-ის ინიციატივებს მხარს ვუჭერთ, თუმცა დიალოგი უნდა გაგრძელდეს"

ვრცლად
18.მაისი.2018 10:36
32

"კრისტალის“ ობლიგაციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა

ვრცლად
17.მაისი.2018 16:57
1470

"ონლაინ სესხების ბევრ კომპანიას ბაზრის დატოვება მოუწევს"

ვრცლად
17.მაისი.2018 16:21
268

"ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილების პროცესი დაიწყება"

ვრცლად