მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთის მორატორიუმში ცვლილებები 1 მარტამდე შევა - რას უნდა ელოდონ გარემოვაჭრეები?

5c3f6d857ff7e
დათო ჯალაღონია
17.01.19 10:30
1053
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მცხეთის ისტორიული ძეგლების დამცავ ზონაზე მოქმედი მორატორიუმის პირობებში ცვლილებები შევა, გარემოვაჭრეებს შესაძლოა, მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაღაზიებისა და Guest house-ების მშენებლობის უფლება მიეცეთ.

„მორატორიუმში ცვლილებები 1 მარტამდე განხორციელდება და მთავრობა მიიღებს ალბათ ისეთ გადაწყვეტილებებს, რითაც მოსახლეობა კმაყოფილი იქნება. იქ, სადაც უკვე გაშენებულია ქალაქი, შეიძლება, ხალხს შვება მივცეთ, რომ ან პატარა, ელემენტარული Guest house მოაწყონ, ან სავაჭრო სახლი, მაღაზია გახსნან და ა.შ“, - განაცხადა მცხეთის მერმა BM.GE-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მორატორიუმი სრულად გაუქმდება და მოსახლეობა საკუარი საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე სავაჭრო საქმიანობის განხორციელების უფლებას მიიღებენ, ჯიხურებში ვაჭრობა აიკრძალება.

„მეუბნებიან, კი ბატონო, შევალთ შიგნით, მაგრამ მოგვეცით ელემენტარულის აშენების უფლებაო. ამ უფლებას დღეს მე ვერ ვაძლევ, მაგრამ როგორც კი მივცემთ, მაშინვე ავუკრძალავთ გარეთ გამოტანილ ჯიხურებს“, - აღნიშნა მერმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის ისტორიული ძეგლების დამცავ ზონაზე მოქმედი მორატორიუმი 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მორატორიუმის პირობებში 2019 წლის 1 მარტამდე გარკვეული ცვლილებები შევა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მორატორიუმის პირობების შემსუბუქება უნდა უზრუნველყოს. განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში შესატანი ცვლილებების შინაარსი კი უწყებათაშორისი კონსულტაციების, UNESCO-სა და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების საფუძველზე დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის საკითხი მწვავედ რამდენიმე დღის წინ დადგა, როცა ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ჯვრის მონასტერი დაკეტა. დღეს ტაძარი ისევ გაიხსნა, თუმცა გარემოვაჭრეები ადგილზე არ მუშაობენ. ისინი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ტაძრის წინამძღვარს შორის შეთანხმებას ელოდებიან. ამ საკითხს საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

„ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.