მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთაში განაშენიანებაზე შეზღუდვები შესაძლოა, ნაწილობრივ მოიხსნას

5b5207ebd805b
დავით ჯალაღონია
20.07.18 20:32
1024
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მცხეთაში, მშენებლობასა და მიწის გასხვისებაზე დაწესებულ მორატორიუმში ცვლილებებზე მუშაობს.

როგორც BM.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორმა თეა ონიანმა განუცხადა, მორატორიუმმა მცხეთის მოსახლეობა გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა და სახელმწიფო ცდილობს, რომ დაწესებული აკრძალვები გარკვეულწილად შეარბილოს, რათა მოსახლეობამ საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეძლოს.

„პირველ რიგში, შეზღუდვები ხაზობრივი ნაგებობების, ანუ გარკვეული კლასის შესაბამისად მშენებლობაზე მოიხსნება, როგორიც არის მილსადენი, გაზსადენი, ახალი საკომუნუიკაციო ქსელების მოწყობა, მხოლოდ - არსებულ განაშენიანებაში და არა ცარიელ მიწის ნაკვეთებზე. ასვეე, შესაძლებელია, მსუბუქი კონსტრუქციის, ან პირველი კლასის ნაგებობების მშენებლობების დაშვება მოხდეს. დღევანდელი მდგომარეობით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ინვესტორებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სახელმწიფო მორატორიუმით განსაზღვრულ აკრძალვებს გარკვეულწილად შეარბილებს“, - განაცხადა თეა ონიანმა.

მისივე განმარტებით, მორატორიუმში შეზღუდვები შესაძლოა, ისეთი ტიპის ნაგებობებისთვის მოიხსნას, როგორიც 60 კვ.მ-მდე მოცულობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ან კაფეებისა და პავილიონების მოწყობაა, თუმცა ეს ჯერ ვარაუდის დონეზე განიხილება.

„ეს ნაგებობები ვიზუალურად ძალიან აქტიური და მასიური არ უნდა იყოს, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო არ დააზიანოს“, - აღნიშნა მან.

მთავრობა მორატორიუმში ცვლილებებს სავარაუდოდ, სექტემბერში დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში განაშენიანებასა და მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი 2015 წლის 3 აგვისტოს გამოცხადდა. აღნიშნული შეზღუდვების მიზეზი, მცხეთის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხდიდან ძირითად ნუსხაში დაბრუნება და ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება იყო.

მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მიმდინარე წლის 16 მაისს, ამჯერად უფრო მოცულობითი შინაარსის დოკუმენტისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა. ეს ტენდერი კი მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შედეგად შეწყდა, რადგან სივრცითი მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. ეს უკანასკნელი ტენდერის ხელახლა გამოცხადებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ფოტო: სპუტნიკ