16.მარტი.2016 11:38
ბიზნესი, ექსკლუზივი

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულებულია

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულებულია
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულებულია. სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებებს ასახავს. მათ შორის არის: მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; სამეწარმეო სწავლების გაუმჯობესება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად; ინოვაციური მეწარმეობის წასახალისებლად კონკრეტული მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება; ახალი ინსტრუმენტების შემუშავება ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.
 
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მიზანია, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების შესაძლებლობების ამაღლება, რის შედეგადაც მოხდება შემოსავლების და სამუშაო ადგილების ზრდა და შესაბამისად, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. სტრატეგიის მიზნებში ვკითხულობთ, რომ 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით უნდა მოხდეს, ასევე აღნიშნული პერიოდისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ს უნდა შეადგენდეს. 2020 წლისთვის მწარმოებლურობის ზრდამ კი 7% უნდა შეადგინოს.

რაც შეეხება სტრატეგიულ მიმართულებებს, მათ შორის შედის, საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა; ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია; ინოვაციების, კვლევის და განვითარების ხელშეწყობა.

სტრატეგიის მიხედვით, განხორციელდება გადახდისუუნარობის შესახებ, ასევე ბიზნესის დახურვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი, რათა აღმოიფხვრას გაკოტრებასთან/რეაბილიტაციასთან და ასევე, ბიზნესის დახურვასთან დაკავშირებული ბარიერები, რაც საშუალებას მიცემს კომპანიებს მარტივად გადავიდნენ უფრო ეფექტიან და კონკურენტუნარიან ბიზნესში, გაუმჯობესდება გაკოტრების შემთხვევაში ამონაგების მაჩვენებელი (recovery rate), რაც საქართველოში შედარებით დაბალია Doing Business-ის შეფასების მიხედვით.

საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად შემუშავდება მცირე და საშუალო საწარმოთა ახალი განმარტება, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოში არსებული როგორც ეკონომიკური, ასევე კომპანიების განვითარების დონეს.

საერთაშორისო და ევროპული გამოცდილების შესწავლის საფუძველზე გაფართოვდება ბიზნესის სტატისტიკური მაჩვენებლების არეალი უფრო დეტალური ინფორმაციის მოგროვების/დამუშავების თვალსაზრისით.

საჯარო და კერძო სექტორს, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენელთა შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავების მიზნით, ინსტიტუციურ დონეზე შეიქმნება პლატფორმა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოებას.

პრიორიტეტული ეკონომიკური კანონმდებლობისთვის რეგულირების გავლენის შეფასების სისტემა (RIA) შეიქმნება. "RIA-ს სისტემის შექმნა და გამოყენება დაეხმარება მთავრობას შეაფასოს როგორც ახალი, ასევე არსებული რეგულირების გავლენა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორზე, ასევე, ის „ტვირთი“ და შესაბამისობის ხარჯები, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ან გამოწვეულია რეგულირებიდან. RIA-ს სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოებზე არაპროპორციული ტვირთის დაკისრების თავიდან აცილებას და ასევე, იმ რეგულაციების გაუქმებას/შეცვლას, რომლებიც მძიმე ტვირთად აწვება მცირე და საშუალო საწარმოებს. RIA-ს სისტემის დანერგვა განხორციელდება საერთაშორისო ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით", - ვკითხულობთ სტრატეგიაში.

ფინანსური განათლების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება შესაბამისი საჭიროებების იდენტიფიკაცია, რის საფუძველზეც შემუშავდება საგანმანათლებლო პროგრამები ტრენინგისთვის.

ასევე, მცირე და საშუალო მეწარმეობის და დამწყები ბიზნესის დაფინანსებაზე ორიენტირებული კერძო საინვესტიციო და ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვა სტრატეგიაში პრიორიტეტულ მიმართულებად არის დასახელებული. კერძოდ, ამ მიზნით, განხორციელდება ღონისძიებები როგორც ზემოაღნიშნული ფონდების საქართველოში მოზიდვის, ასევე, იმ კომპანიების იდენტიფიცირებისთვის, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი პოტენციალი.

მცირე და საშუალო საწარმოთათვის კომერციული ბანკებიდან დაფინანსებაზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით გაუმჯობესდება და გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დაფინანსების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეეწყობა კერძო სექტორს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის სადისკუსიო მრგვალი მაგიდების ორგანიზებას, როლის მიზანია დაფინანსების თუ ფინანსური ცნობიერების კუთხით არსებული დაბრკოლებების და საჭიროებების იდენტიფიცირება.

გრანტების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაუმჯობესების მიზნით, გადაიხედება საქართველოს გრანტებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. შედეგად, გაუმჯობესდა საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოებში ფინანსების მოზიდვას R&D-სთვის და ინოვაციებს. ასევე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს ინოვაციური იდეების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს.



20.აგვისტო.2018 10:40
753

მთავრობის 8 გზავნილი საქართველოს პოტენციურ ინვესტორებს

ვრცლად
20.აგვისტო.2018 10:00
2392

56 მლნ დოლარით, ივანიშვილი საქართველოს TOP-10 ინვესტორთა სიაშია

ვრცლად
19.აგვისტო.2018 17:53
286

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ახალ ლოჯისტიკურ ცენტრს აშენებს

ვრცლად
19.აგვისტო.2018 11:10
1016

"საქართველოს კაპიტალი" გურიაში ჰესის აშენებას 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყებს

ვრცლად
18.აგვისტო.2018 18:25
2298

ქართულ ბაზარზე ასკილის უალკოჰოლო ლუდი გამოჩნდება

ვრცლად
18.აგვისტო.2018 14:43
1263

ლოკაციები, სადაც მერია “ბიუ-ბიუს” ჯიხურების განთავსების უფლებას არ აძლევს

ვრცლად