მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა - მძღოლებს 40 ქულა სიჩქარის გადაჭარბების გამო ავარიის შემთხვევაში, 15 ქულა კი მობილურზე საუბრისთვის დააკლდებათ

58fb11ad69885
BM.GE
22.04.17 12:18
4231
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ ყველაზე მეტი ქულა მძღოლებს იმ შემთხვევაში დააკლდებათ, თუ სიჩქარის გადაჭარბების გამო ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვებიან ან შეგნებულად გადასცემენ ავტომობილს ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ ადამიანს. დარღვევებისთვის ავტომფლობელებს 40 ქულა დააკლდებათ.

40 ქულა დააკლდებათ მძღოლებს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაუფიქსირდებათ ავტომობილის სიმთვრალეში მართვა. ასევე თუ შეაფერხებენ საწრაფოს/სამაშველოს/სახანძროს ავტომობილის მოძრაობას და ამას მოჰყვება ავტომობილის, ინფრასტრუქტურის, ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება.

ავტომობილის სიმთვრალეში მართვის პირველ შემთხვევაზე მძღოლებს 30 ქულა გამოაკლდებათ. ამავე ოდენობის ქულა გამოიქვითება იმ შემთხვევაშიც, თუ მძღოლი ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესს დაარღვევს და ამას მოჰყვება ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება. სიჩქარის გადაჭარბების გამო საავარიო მდგომარეობის შექმნისა და მოძრაობის შეფერხების გამოც მძღოლებს 30 ქულა დააკლდებათ.

ავტომობილების მფლობელებს 20 ქულა დააკლდებათ შემდეგი სამართალდარღვევების გამო: წესების დარღვევით მოძრაობა, რასაც მოჰყვა, ავტომობილის, ინფრასტრუქტურის ან ადამიანის სხეულის მცირე დაზიანება; საწრაფოს/სამაშველოს/სახანძროს ავტომობილის შეფეხრება; პოლიციის მიერ ავტომობილის გაჩერების შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობა.

მანქანის მართვისას მობილურზე საუბარი 15 ქულით დაისჯება, ამდენივე ქულა გამოაკლდებათ მძღოლებს თუ წლის განმავლობაში სამჯერ დაუფიქსირდებათ დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება; ან თუ ავტომობილს არასრულწლოვანს ან მართვის უფლების არმქონე პირს გადასცემენ;

მძღოლებს 10 ქულა დააკლდებათ შემდეგი სამართალდარღვევების გამო: ავტომობილის ტარება, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს; თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილის ტარება; ექსკორტის ავტომობილის შეფერხება; სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;ღერძულა ხაზის გადაკვეთა.

ყველაზე ნაკლები, 5 ქულა მძღოლებს შემდეგი სამართალდარღვევების გამოა დააკლდებათ: წინა სავარძელზე მგზავრის მიერ ღვედის გაუკეთებლობა; მოპედით/მოტოციკლით მგზავრობისას ჩაფხუტის გაუკეთებლობა; ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და უკონტაქტო პატრულირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება.