მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკეტინგულმა კომპანიამ 200 მილიონი ამერიკელის პერსონალური მონაცემები გაამჟღავნა

5949268854235
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
20.06.17 17:41
1565
როგორ ხასიათზე დადგებოდით თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური მრწამსი და სხვა პერსონალური მონაცემები ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო? სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, იმ კომპანიის შეცდომაა, რომელიც ამომრჩეველთა მონაცემებს რესპუბლიკური პარტიის დაკვეთით აგროვებდა.

რესპუბლიკური პარტიის ნაციონალური კომიტეტის მიერ დაქირავებული Deep Root Analytics-ის ბაზა Amazon-ის ღრუბლის სერვერზე ყოველგვარი დაცვისა და პაროლის გარეშე იყო განთავსებული. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტერაბაიტის ზომის ინფორმაციაზე ლინკის მფლობელ ნებისმიერ პირს ხელი დაუბრკოლებლად მიუწვდებოდა.

დაუცველი ბაზის არსებობა კიბერ რისკების ანალიტიკოსმა, კრის ვიკერიმ დაახლოებით 1 კვირის წინ აღმოაჩინა. Deep Root Analytics - მა უკვე დაადასტურა, რომ ბაზა მას ეკუთვნის და მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა აიღო.

„მას შემდეგ რაც ამის შესახებ შევიტყეთ, ავამოქმედეთ შესაბამისი პროტოკოლი და განახლებები. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ ვფიქრობთ, რომ ჩვენს სისტემაზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა“ - ალექს ლონდრი „Deep Root”-ის დამფუძნებელი. 

მომხდარს უკვე უწოდეს ამომრჩეველთა მონაცემების უდიდესი გაჟონვა ამერიკის ისტორიაში. პრესის ინფორმაციით, „Deep Root” მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან წლების განმავლობაში აგროვებდა. მოქალაქეთა ზოგადი პოლიტიკური გემოვნების გარდა ბაზა მოიცავდა ისეთ მონაცემებს, როგორიცაა - შეხედულებები იარაღის ტარების, აბორტის და სხვა აქტუალური თემების შესახებ.

„ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს არის ფაქტობრივად სენსიტიური ინფორმაცია, რომელიც საშუალებას იძლევა წინასწარ განსაზღვრო ადამიანების ქცევა, ეს არის რწმენა და შეხედულებები, რომლებსაც ადამიანები საჯაროდ არ გაამჟღავნებდნენ."

200 მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის მონაცემების გაჟონვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რატომ არის მონაცემთა უსაფრთხოება თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.