მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარგველაშვილმა საახალწლო ღონისძიების მომსახურებისთვის "ვანილა ივენთს" ნახევარ მილიონამდე გადაუხადა

5b781c4a45973
თელარა გელანტია
18.08.18 17:15
1365
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საახალწლო ღონისძიების მომსახურებისთვის შპს ,,ვანილა ივენთს“ 499,777 ლარი გადაუხადა.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2017 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსურ აუდიტს მოიცავს.

აუდიტის შეფასებით, მარგველაშვილის ადმინისტრაციის მიერ შპს „ვანილა ივენთთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან სპეციფიკაციებს (შესყიდული მომსახურებისთვის გამოყენებული დეკორაციების ხარისხი, რაოდენობა, ზომები, ესკიზები და სხვა მახასიათებლები), რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო ის მინიმალური მოთხოვნები, რაც უნდა დაეკმაყოფილებინა მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას.

„მაგალითისთვის, ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული იყო მხოლოდ: დეკორატიული სასახლე (42,350 ლარი); ლოლი პოპის დეკორაცია (22,500 ლარი); საშობაო სახლები (16,250 ლარი) და ნაძვის ხეები (12,600 ლარი); თუმცა, ადმინისტრაციის მიერ დამატებით წარმოდგენილი პირველადი შესყიდვის დოკუმენტაციით (შპს ,,ვანილა ივენთის“ მიერ განხორციელებული შესყიდვების დოკუმენტაცია) გაირკვა გამოყენებული დეკორაციების ხარისხი, რაოდენობა, ზომები, ესკიზები და სხვა მახასიათებლები. დაგეგმილი აუდიტორული პროცედურით, აუდიტის ჯგუფი შეეცადა გაერკვია აღნიშნული შესყიდვისას რამდენად იყო დაცული ეკონომიურობის პრინციპი. შევისწავლეთ, იყო თუ არა მოკვლეული სხვა ალტერნატიული ვარიანტი. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივიღეთ ადმინისტრაციის განმარტება, რომლის მიხედვით, წინასაახალწლო პერიოდში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩასატარებელი საახალწლო ღონისძიების მასშტაბურობიდან და შემჭიდროვებული ვადებიდან გამომდინარე: რამდენიმე კომპანიამ უარი განაცხადა მომსახურების გაწევაზე და შესაბამისად, არც ღონისძიების კონცეფციები წარმოუდგენიათ; ღონისძიების კონცეფცია წარმოადგინა მხოლოდ შპს „ვანილა ივენთ“-მა, რომელიც სრულად პასუხობდა ადმინისტრაციის მოლოდინს; შპს „ვანილა ივენთის“ კონცეფციით სხვა კომპანიისათვის სამუშაოს დაკვეთა გამოიწვევდა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევას. ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ჩასატარებელი ღონისძიების ალტერნატიული კონცეფციის მიღება და ასევე, შპს „ვანილა ივენთის“ მიერ წარმოდგენილ ღონისძიების კონცეფციით მომსახურების გაწევის ალტერნატიული ღირებულების განსაზღვრა“, - წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა იყოს ასახული გასაწევი მომსახურების მახასიათებლები, რათა შემსყიდველს მიღება-ჩაბარების ეტაპზე მიეცეს შესაძლებლობა შეაფასოს შესყიდული ობიექტი შეესაბამება თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

„საახალწლო ღონისძიების მომსახურების შესყიდვის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შპს ,,ვანილა ივენთს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 499,777 ლარი, რომელიც ითვალისწინებდა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზებას, აქტივობებს, პირო ტექნიკას, ეზოს მოწყობას, დეკორაციებს და ა.შ. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების შესრულების კონტროლის საფუძველზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.