მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძის გუნდში პროფესიული წრეებიდან წამოსული მინისტრები იქნებიან

5b28f4848abf9
თელარა გელანტია
19.06.18 16:14
2406
"მე ვადასტურებ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ახალ მთავრობაში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები, მათ შორის, პროფესიული წრეებიდან“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.

„მე წარმოვადგინე ჩემი ხედვა და ის პრინციპები, რომელსაც ეს ხედვა ეფუძნება და ამ ხედვის პირველი პრინციპი გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის რეალიზაცია, რასაც ჰქვია ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მსურს, კიდევ ერთი განმარტება გავაკეთო მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით, რათა მოსახლეობას ჰქონდეს კარგი სურათი, თუ რას ნიშნავს ეს. მცირე ზომის მთავრობა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკაში მის მცირე წილს. ჩვენ ამ მიმართულებით გვქონდა პროგრესი, რომ შევამცირეთ ეს წილი, მაგრამ ესარ არის საკმარისი. ქვეყნის ბიუროკრატია და მმართველობითი ორგანოები უნდა იყოს იმ ზომის, რაც აუცილებელია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად.

ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კონკრეტული ამოცანები და კონკრეტული პროგრამა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომ გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ეფექტურად, ოპერატიულად და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან იმ დღემდე, როდესაც ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღებულ სერვისს ან სიკეთეს, ეს დრო იყოს მაქსიმალურად შემცირებული.

ჩვენ არცერთ ფუნქციას არ დავაკნინებთ. პირიქით, სამინისტროების შერწყმა განხორციელდება ორგანულად, - ფუნქციების და ამოცანების მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას არ უჯდებოდეს სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა ძალიან ძვირი და აქედან გამომდინარე შემოგვაქვს მაქსიმალური ზღვარი - ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,9%, რაც თანხაში ნიშნავს, რომ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს, ეს საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით, 100-120 მილიონი ლარი გამოვათავისუფლოთ თავისუფალი რესურსის სახით და მივმართოთ იმ სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის განათლების მიმართულებაზე, რომელიც უფრო დიდი პრიორიტეტია", - განმარტა ბახტაძემ.