მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო

5c41e33992da3
ელენე გოგბერაშვილი
18.01.19 18:28
997

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ლუდის ბაზარი დღეს იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო. ბიზნესი ამბობდა, რომ ბაზრის შემცირება 2015 წელს  აქციზური მარკის 50%-ით მატებამ გამოიწვია.  2014 წელს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ლუდის შემთხვევაში ჯამურად გაცემული აქციზური მარკების რაოდენობამ  86,870,106  შეადგინა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 71,974,935-მდე შემცირდა.

ლუდის ბაზრის შემცირება 2016 წელსაც გაგრძელდა. წლის განმავლობაში კომპანიებზე ჯამურად 63,573,652 აქციზური მარკა გაიცა.

2017 წელს კი ლუდის აქციზის დათვლის წესი შეიცვალა. თუ მანამდე ლუდის აქციზი მის მოცულობაზე იყო მიბმული და ლიტრზე 60 თეთრს შეადგენდა, განახლებული აქციზით კი ლუდში ალკოჰოლის შემცველობა დაიბეგრა.  ლიტრ ლუდში 1% ალკოჰოლი 12 თეთრიანი აქციზით იბეგრება, რაც დაბალალკოჰოლური ლუდების გაყიდვებზე დადებითად აისახა.

2017 წელს კომპანიებმა გაზარდეს როგორც ადგილობრივი ლუდის წარმოება, ისე გაიზარდა ქვეყანაში იმპორტიც. ჯამში ადგილობრივ და იმპორტულ ლუდზე 74,720,118 აქციზური მარკა გაიცა.

2017 წელთან შედარებით გასული წელი ლუდის ბაზრისთვის კვლავ კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2018 წელს შემოსავლების სამსახურმა კომპანიებზე ჯამში 68,706,385 აქციზური მარკა გასცა.

თუ შემოსავლების სამსახურისთვის ბაზრის შეფასების კრიტერიუმი გაცემული აქციზური მარკების რაოდენობაა, ბიზნესის შეფასების მეთოდოლოგია რეალიზებული პროდუქციის მაჩვენებლებს ეყრდნობა.

კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საკითხთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განმარტებით, გასულ წელს ლუდის ბაზარი 3-5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც ლარის დევალვაციიდან გამომდინარე მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება და ლუდის სეზონზე არახელსაყრელი ამინდები გახდა. მისი თქმით, კომპანიებმა გასული წელი ძირითადად ქვეყანაში გაზრდილი ტურისტული ნაკადების ხარჯზე დააკომპენსირეს.

ხუნძაკიშვილის თქმით, ინდუსტრია მარტის ბოლოდან 2019 წლის სეზონისთვის ემზადება.