მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლექსო ალექსიშვილის აზრით, საპენსიო რეფორმას ბიზნესისთვის ახალი გადასახადი შემოაქვს

5bc5f7a5da705
სალომე მეცხვარიშვილი
17.10.18 09:30
1624
PMCG-ის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ლექსო ალექსიშვილის აზრით, საპენსიო რეფორმას ბიზნესისთვის ახალი გადასახადი შემოაქვს, რომელიც საპენსიო ფონდში ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 2%-ის შეტანას გულისხმობს. ასე პასუხობს ის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა საპენსიო რეფორმის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგანაც საქართველოს კონსტიტუცია, კონკრეტულად კი ეკონომიკური თავისუფლების აქტი, ახალი გადასახადების შემოღებას რეფერენდუმის გარეშე კრძალავს. ალექსიშვილი ამბობს, რომ ის სამართლებრივ საფუძვლებში ვერ შევა, მაგრამ მისთვის, საპენსიო რეფორმას ბიზნესისთვის ახალი გადასახადი შემოაქვს, რადგანაც ის დამატებითი ხარჯია კერძო სექტორისთვის.

„სავალდებულო საპენსიო შეანატანების მოდელი არ არის ეკონომიკური განვითარებისა და სიმდიდრის დაგროვების ეფექტური გზა ამ ქვეყანაში. ეს აჩვენა არამხოლოდ ამ კონკრეტულმა მოდელმა, არამედ ასეთი მოდელების განხორციელების მცდელობამ სხვა ქვეყნებშიც. ძალიან ბევრი რისკი ახასიათებს ამას და ამ რისკებს მოჰყვება გართულებები, როდესაც კრიზისები წარმოიქმნება. ეს კრიზისები კი ხშირ შემთხვევაში არის გარდაუვალი მსოფლიო ეკონომიკისთვის. ეს პროცესია და ამ პროცესს ვერ გავექცევით.

ჩემი აზრით, დამატებითი გადასახადია სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომ განახორციელო რაიმე ქმედება - ამას ფინანსური გადასახადის სახით ბიუჯეტში გადავიხდი, თუ სახელმწიფო დამავალდებულებს, რომ სხვაგან წავიღო და სხვაგან შევინახო არ აქვს მნიშვნელობა. მიმდინარე ვითარებაში ეს არის გადასახადი“,- აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელძღვანელი გიორგი მშვენიერაძე საკონსტიტუციო სასამართლოში საპენსიო რეფორმის გასაჩივრებას გეგმავს.  საპენსიო რეფორმა გულისხმობს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% უნდა შევიდეს საპენსიო ფონდში, საიდანაც 2%-ს დაფარავს სახელმწიფო, 2%-ს დამსაქმებელი, 2%-ს კი თავად დასაქმებული.