მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგარდი: ძალიან კარგი დისკუსია შედგა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე

5ba496fc67a6b
BM.GE
21.09.18 10:59
632
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ვაშინგტონში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და ხაზი გაესვა მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

აღინიშნა, რომ სწორედ ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა და პრემიერ-მინისტრმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ ფონდი პრემიერ-მინისტრის ხედვების განსახორციელებლად შესაბამისი ფისკალური სივრცის უზრუნველყოფის საკითხს შეისწავლის.

"ძალიან კარგი დისკუსია შედგა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით მიღწეულ წინსვლაზე და მიმდინარე რეფორმებზე. დაწვრილებით ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში კაპიტალდაბანდების შექმნის პროექტზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღვუთქვი, რომ მთელი გულისყურით შევისწავლით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და განათლების სფეროში შესატყვისი ინვესტიციის ერთობლიობას, რათა ამ განზრახვისთვის გონივრული ფისკალური სივრცე იქნეს უზრუნველყოფილი", - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.