მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირიკაშვილი-ბახტაძის საგანმანათლებლო პრიორიტეტები

5b5259324b8ac
თათია ჩაფიჩაძე
21.07.18 15:41
599
6 თვიანი ინტერვალით გამოქვეყნებულ ორ სამთავრობო პროგრამაში, განათლების საკითხებს გვერდების რაოდენობის მხრივ თუ შევადარებთ, ვნახავთ რომ ახალი ძველზე არასრული 5 გვერდით მეტია. აი, რაც ეხება შინაარს, მამუკა ბახტაძის პროგრამა კვირიკაშვილის პროგრამისგან თვისობრივად არაფრით განსხვავდება.

ორივე პროგრამაში საუბარი განათლების პრიორიტეტულობით იწყება და ხაზგასმულია, რომ მთავრობა შექმნის ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ბავშვების, სტუდენტის, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვის.

ადრეული და სკოლამდელი განათლება: ორივე პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლების თანაბრად მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ყველა საჯარო და კერძო სკოლამდელ დაწესებულებაში ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები ამოქმედდება, რომელიც კვებისა და ჰიგიენის სტანდარტებსა და უსაფრთხო- არაძალადობრივ გარემოს გულისხმობს. ასევე საუბარია სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

ზოგადი განათლება: ორივე პროგრამა დეკალრირებს,რომ ზოგადი განათლების მაღალი ხარისხი პრიორიტეტული იქნება. ხარისხის ამაღლების მიზნით კი გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო გეგმების, პროგრამების შექმნა და დანერგვა. საშუალო საფეხურზე დაინერგება დიფერენცირებული მიდგომები ტექნიკური და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სახელოვნებო, სახელობო და სასპორტო სწავლების გაძლიერების მიმართულებებით. ბახტაძის პროგრამაში ასევე ვკითხულობთ რომ სისტემის განვითარების მიზნით გაგრძელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის ფინური განათლების ელემენტების ეროვნულ მოდელში ინტეგრაცია. აღსანიშნავია, რომ ეს ბახტაძის კაბინეტის პროგრამისთვის ნოვაციაა. ფინურ მოდელზე კვირიკაშვილს და მის განათლების მინისტრებს პროგრამაში არ აუსახიათ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ კვირიკაშვილის კაბინეტის ბოლო განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა საჯარო პრეზენტაციისას ფინური მოდელის დანერგვაზე.

ორივე პროგრამაში აღწერილი, რომ შეფასებისა შედეგად განვითარდება როგორც დამამთავრებელი, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა. საგამოცდო პროცესში გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და ასევე სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

პროფესიული განათლება: საკადრო ცვლილებების მიუხედავად, პროგრამაში პროფესიული განათლების მხრივ ახალი არაფერი იკითხება. კვლავ საუბარია დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული, სწავლების მიდგომის დანერგვაზე საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით. მთავრობა ასევე გვპირდება, რომ პროფესიული განათლების ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, მეტი ყურადღება დაეთმობა ახალი სერვისების განვითარებას როგორც მოზარდებისა და ახალგაზრდების, ისე ზრდასრულების საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის.

უმაღლეს განათლება: უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და აქცენტები, ფაქტობრივად წერტილ-მძიმით არის გადმოკოპირებული. ორივე დოკუმენტში წერია, რომ დაინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის ეფექტიანი მოდელები. ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კი განხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა. შემუშავდება და დაინერგება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, ეფექტიანი მოდელები,რომლებიც ორიენტირებული იქნება იმ სპეციალობების გაძლიერებაზე, რაც ეკონომიკის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული.ამავე თავში ასევე ვკითხულობთ რომ მასწავლებელთა მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა დაინერგება.

მეცნიერება: მამუკა ბახტაძის პროგრამის მიხედვით, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები საქართველოს ძლიერ, რეგიონალურ სამეცნიერო ცენტრად გადაქცევისთვის. ქვეყნის ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების იდენტიფიკაცია და მათი გაძლიერების მხარდაჭერა. ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ახალგაზრდობის პოლიტიკა: ორივე პროგრამაშია საუბარია იმაზე, რომ მთავრობის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები.

ინოვაციები: შედარებით განსხვავებილია პროგრამაში ინოვაციების ნაწილი. აქ ეტყობა განათლების ახალმა მინისტრმა მოასწრო ხელის შევლება, ვიდრე სექტემბერს წარმოადგენს დეტალურ პროგრამას და ხედვას. ბახტაძის პროგრამაში საუბარია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე და ხელმისაწვდომობის ზრდაზე. დოკუმენტში წერია, რომ ხელი შეეწყობა მიკრო-მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნეტთან და ელექტრონული კომერციის საერთაშორისო პლატფორმებზე წვდომის გაუმჯობესებას, გაგრძელდება რეგიონებში ტექნოლოგიური პარკების განვითარება და საქართველოში მოხდება მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობის შემოყვანა